ივერი მელაშვილმა, აკაკი ხუსკივაძემ და აკაკი კობალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას მხარდასაჭერი განცხადებით მიმართეს. მათ განცხადება ამერიკის საელჩოში დღეს შეიტანეს.

"პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს საქართველოში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც ბატონი მელია, ასევე რურუა, ესენი არიან პოლიტიკური დევნილები, ისევე, როგორც ჩვენ ვიყავით თავის დროზე. ეს არის მხოლოდ ფორმა, რომ ამერიკულმა მხარემ მოახდინოს საქართველოს მთავრობაზე, ძალისხმევა მიმართოს, რომ მთავრობა რაღაცნაირად ვაიძულოთ. ეს ვნებს ქვეყანას, ამიტომ ეს მავნებლობა უნდა აღიკვეთოს", — აცხადებს მელაშვილი.

კობალაძის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტისადმი მიმართვის მიზანი ისაა, რომ მან მოახდინოს გავლენა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე.

"ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტ ბაიდენს, რათა მან, როგორც დემოკრატიული სამყაროს ლიდერმა, მოახდინოს გავლენა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე და ის ადამიანები, რომლებიც ბრალის გარეშე და სირცხვილიც კი არის დღესდღეობით საქართველოში, რომ ორივე პოლიტპატიმარი არიან გავრილოვის გამო დაკავებულები", — განაცხადა კობალაძემ.

წერილს ხელს აწერს, ასევე, კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, ნატალია ილიჩოვა.

8 მარტს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესია ჩანიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოში.