20 ივნისის მოვლენების დროს დაშავებული მოქალაქეების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორი სარჩელი გაიგზავნა. სარჩელი შეეხება ძალის გადამეტებასა და არაეფექტურ გამოძიებას.

სტრასბურგის სასმართლოში მოქალაქეების სახელით სარჩელი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციამ შეიტანა. საუბარია მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირზე, მედიის 11 წარმომადგენელსა და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილ 1 ადამიანზე. საქმეებს შორისაა On.ge-ს ჟურნალისტის, ანა ვახტანგაძის სარჩელიც, რომელიც 20 ივნისის ღამეს პოლიციელის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიით დაშავდა.

წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება — მხოლოდ მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება — მხოლოდ დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ.

როგორც საიაში აცხადებენ, 20 ივნისის ღამეს მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა იყო უკანონო და არაპროპორციული, დაფიქსირდა დაკავებისა და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა, ამასთან, იყო ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. სარჩელში გამახვილებულია ყურადღება კიდევ ორ გარემოებაზე — გამოძიების არაეფექტურობასა და დამნაშავეთა დაუსჯელობაზე.