პოეტებისა და მხატვრების მუდმივი ძიების მიუხედავად, სილამაზე მაინც მოუხელთებელ ფენომენად რჩება. მშვენიერებას ჩვენ ბუნებაში, ხელოვნებასა და ფილოსოფიაში ვეძებთ, თუმცა მისი პოვნის მცდელობებს ტელეფონისა და ავეჯის შერჩევის დროსაც არ ვწყვეტთ. ადამიანები სილამაზის ღირებულებას ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვხედავთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ მისით გარშემორტყმულნი ვიყოთ და მზად ვართ, მის ძიებაში საკუთარი თავიც კი დავკარგოთ. ჩვენი სამყარო სილამაზით განისაზღვრება, თუმცა ჩვენ მისი განსაზღვრის ზუსტი კრიტერიუმები დღემდე ვერ გვიპოვია. "ადამიანებს გვახასიათებს ძალიან რადიკალური და ფართოდ გავრცელებული ტენდენცია, დავაკვირდეთ სილამაზეს და დავაფასოთ ის", — აღნიშნავს ფილოსოფოსი ჯორჯ სანტაიანა 1896 წელს გამოქვეყნებულ თავის წიგნში, სილამაზის გრძნობა.

სანტაიანას მსგავსად, მრავალი ფილოსოფოსი საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა, სილამაზის არსი გაეგო. ახლა კი მეცნიერებიც მზად არიან, რომ ამ საკითხში თავიანთი ძალები მოსინჯონ. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება ჯერ ვერ გვეუბნება, თუ რა არის სილამაზე, შესაძლოა, მან უკვე იცის, სად უნდა ვეძებოთ ის და სად — არა. ბოლოდროინდელი კვლევის ფარგლებში პეკინის ცინგუას უნივერსიტეტის მეცნიერებმა სილამაზის წარმოშობის შესწავლა ცადეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ის ჩვენს ტვინშიც ისეთივე იდუმალია, როგორც რეალურ სამყაროში.

თეორიები იმის შესახებ, თუ რატომ არის ობიექტი ესთეტიკურად სასიამოვნო, მეცნიერებაში მრავლად გვხვდება. ფსიქოლოგებმა ზედმიწევნით შეისწავლეს იდეები პროპორციის, ჰარმონიის, სიმეტრიის, წესრიგის, კომპლექსურობისა და ბალანსის შესახებ. მსგავსი თეორიების წარმოშობა ჯერ კიდევ 1876 წლიდან — ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის განვითარების ადრეულ პერიოდში დაიწყო. სწორედ ამ წელს გერმანელმა ფსიქოლოგმა გუსტავ ფეხნერმა იმის მტკიცებულება წარმოადგინა, რომ ადამიანებს ის მართკუთხედები უფრო მოსწონთ, რომლის გვერდებიც ოქროს კვეთის პროპორციულია (თუ გაინტერესებთ, ეს თანაფარდობაა 1.6:1).

ფოტო: iStock

ამ პერიოდში ფეხნერი მთლიანად გადაერთო გარე ფსიქოფიზიკის პროექტზე, რომელიც სტიმულებსა და მათ შედეგად მიღებულ აღქმებს შორის მათემატიკურ კავშირებს იკვლევდა. თუმცა რაც მას განსაკუთრებით ხიბლავდა და, ამავდროულად, ხელიდან უსხლტებოდა, გაცილებით უფრო რთული, შინაგანი ფსიქოფიზიკა იყო. ამ ტიპის ფსიქოფიზიკა ნერვული სისტემის მდგომარეობებსა და მათ თანმხლებ სუბიექტურ გამოცდილებებს შორის კავშირს შეისწავლის. ოქროს კვეთაზე ჩატარებული ექსპერიმენტების მიუხედავად, ფეხნერს კვლავ სწამდა, რომ სილამაზე დიდწილად დამკვირვებლის ტვინით აღიქმება.

ეს კი აჩენს კითხვას, ჩვენი ტვინის რომელი ნაწილი რეაგირებს სილამაზეზე. პასუხი დამოკიდებულია იმაზე, სილამაზეს ერთ კატეგორიად განვიხილავთ თუ არა. ნეირომეცნიერებმა, რომლებიც სილამაზის ცენტრის იდეას ემხრობიან, წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ ის, შეიძლება, ორბიტოფრონტალურ ქერქში, ვენტრომედიალურ პრეფრონტალურ ქერქში ან ინსულარულ ქერქში მდებარეობდეს. თუ ეს თეორია სხვებზე უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდება, მაშინ სილამაზე მართლაც ტვინის მხოლოდ ერთ უბანთან შეიძლება დაკავშირდეს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ფრანც შუბერტის ნაწარმოების მოსმენისას, დიეგო ველასკესის ნახატის ყურებისას თუ ვარსკვლავიანი ცის ქვეშ ირმის დანახვისას სილამაზეს ერთნაირად უნდა განვიცდიდეთ.

თუ სილამაზის ცენტრის იდეა სწორია, მაშინ ეს ფუნქციური ლოკალიზაციის თეორიისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება. ამ ფართოდ გავრცელებული, თუმცა სადავო მოსაზრების თანახმად, ტვინის ქმედებების დიდი ნაწილი უკიდურესად სპეციალიზებული ნაწილების დამოუკიდებელ აქტივობათა შედეგია. იდეის გასამარტივებლად წარმოვიდგინოთ, რომ ტვინის თითოეულ უბანზე კუთვნილი ფუნქციაა მიწერილი — მაგალითად, სიამოვნების ცენტრი, მეხსიერების ცენტრი, მხედველობის ცენტრი, სილამაზის ცენტრი.

ფოტო: Andriy Onufriyenko / Getty Images

მიუხედავად იმისა, რომ ამ თეორიის ზოგიერთი ვერსია დამაჯერებელია, იმას მაინც ვერ ვიტყვით, რომ ნებისმიერი ტიპის მენტალური მდგომარეობა, რომლის აღწერა ან ინტუიციურად გამოცნობა შეგვიძლია, ტვინის მხოლოდ ერთ რეგიონშია ლოკალიზებული. თუმცა არსებობს მტკიცებულებები, რომ, მაგალითად, მხედველობის ქერქი მოძრაობისადმი დახვეწილ შერჩევითობის უნარს ავლენს; სხვა, ურთიერთდამოუკიდებელ ნაწილებს კი მხოლოდ სახეები ააქტიურებს. მაგრამ თითოეული იმ კვლევის საპირწონედ, რომელიც ტვინის ლოკალიზებულ ფუნქციონირებას დამაჯერებელს ხდის, გაცილებით დიდი რაოდენობით ისეთი კვლევები იყრის თავს, რომელთა ფარგლებშიც კონკრეტული ფუნქციის შესაბამისი ტვინის რეგიონის პოვნა ვერ ხერხდება.

იმის ნაცვლად, რომ სილამაზის ცენტრის შესახებ არსებული არადამაჯერებელი და არასრული ექსპერიმენტებისთვის კიდევ ერთი შეემატებინათ, ცინგუას უნივერსიტეტის მკვლევრებმა მეტაანალიზის ჩატარება არჩიეს. გუნდის წევრებმა უკვე გამოქვეყნებული კვლევების მონაცემები იმის დასადგენად დააკავშირეს, მათი გაერთიანება რაიმე თანმიმდევრულ შედეგს მიცემდათ თუ ვერა. გუნდმა თავდაპირველად იმ კვლევების შესწავლა გადაწყვიტა, რომლებშიც ცდისპირებს ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებსა და სახეებს აჩვენებდნენ და ეკითხებოდნენ, იყო თუ არა ლამაზი ის, რასაც ხედავდნენ; პარალელურად კი ექსპერიმენტატორები ამ გამოსახულებათა დანახვით გამოწვეულ ნერვულ რეაქციებს აღბეჭდავდნენ.

ფოტო: Giphy

საბოლოოდ გუნდმა ისეთი 49 კვლევის მონაცემი შეარჩია, რომლებშიც სულ 982 ადამიანს მიეღო მონაწილეობა. ამ ექსპერიმენტებში სახეები და ვიზუალური ხელოვნება სილამაზის სხვადასხვა სახეობად იყო კატეგორიზებული, რამაც მკვლევრებს სილამაზის ცენტრის ჰიპოთეზის კონცეპტუალურად სწორხაზოვანი ტესტირების საშუალება მისცა. თუ ტრანსცენდენტული სილამაზე სახეებსა და ვიზუალურ ხელოვნებაში ერთნაირად აღიქმება და ის ტვინის ერთ რეგიონში მუშავდება, მაშინ კვლევებში ტვინის ეს არეალი იმისგან დამოუკიდებლად უნდა გააქტიურებულიყო, თუ რა ტიპის ვიზუალს მიიჩნევდნენ ცდისპირები ლამაზად. თუ ასეთი რეგიონი არ მოიძებნებოდა, მაშინ სახეები და ვიზუალური ხელოვნება თავისებური და უნიკალური ტიპის სილამაზედ უნდა მიეჩნიათ.

გაერთიანებული მონაცემების ანალიზისთვის მკვლევრებმა გამოიყენეს ტექნიკა, რომელიც აქტივაციის ალბათობის შეფასების (ALE) სახელითაა ცნობილი. ეს მეთოდი 49-დან თითოეულ კვლევას განიხილავს როგორც ბუნდოვან და შეცდომების შემცველ შეტყობინებას ტვინის კონკრეტული უბნის შესახებ — უხეშად რომ ვთქვათ, იმ კონკრეტული წერტილის შესახებ, რომელიც ექსპერიმენტის ჩატარების დროს ტვინში "აინთო" და გაურკვევლობის ღრუბლით იყო გარშემორტყმული. ამ ღრუბლის ზომა დიდდებოდა, როცა ექსპერიმენტში ცოტა ადამიანი მონაწილეობდა და პატარავდებოდა, როცა ცდისპირები ბევრნი იყვნენ. ამგვარად, ამ მეთოდით მოდელირებული სანდოობა კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული. საბოლოოდ, 49 წერტილი და მათი ღრუბლები გაერთიანდა სტატისტიკურ რუკაში, რომელიც კვლევებში ტვინის აქტივაციის ინტეგრირებულ სურათს წარმოადგენდა და იმის თქმის საშუალებას იძლეოდა, თუ რამდენად დარწმუნებულები უნდა ვიყოთ ამ ექსპერიმენტებით დადგენილ კონსესუსში. თუ მონაცემთა გაერთიანების შემდეგ რუკაზე ერთი კონკრეტული რეგიონი აინთებოდა, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ტვინის ეს ნაწილი ყველა კვლევაში გააქტიურდა.

ფოტო: Cardiff University

ამ ანალიზით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ლამაზი ვიზუალური ხელოვნება და ლამაზი სახეები ტვინის რეგიონებში აქტივობას ნამდვილად იწვევს. აქ გასაკვირი არაფერია: ტვინი რაღაცას აუცილებლად უნდა აკეთებდეს, როცა ვიზუალურ სტიმულს ვხედავთ. თუმცა, ამასთანავე, ეს რეგიონები ერთმანეთთან თითქმის საერთოდ არ იკვეთებოდნენ, რაც ეჭვქვეშ აყენებს იმ იდეას, რომ ექსპერიმენტებისას საერთო სილამაზის ცენტრი გააქტიურდა. თუ ამ შედეგს ჭეშმარიტად ჩავთვლით, მაშინ ჩვენი ტვინისთვის სახისეული სილამაზე არ არის იგივე, რაც ნახატის სილამაზეა. სანაცვლოდ, სილამაზე უფრო მრავალფეროვანი და კომპლექსური ფენომენია, რომელიც აღქმული ობიექტის დეტალებშია გაბნეული.

შესაძლებელია, რომ ჰიპოთეზირებული სილამაზის ცენტრი სინამდვილეში მართლაც არსებობს, მაგრამ სხვადასხვა მეთოდოლოგიური მიზეზის გამო მკვლევრებმა ის ჯერ ვერ აღმოაჩინეს. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ ერთ მეტაანალიზს არ შეუძლია, ისეთ ღრმა და რთულ კითხვას გასცეს პასუხი, როგორიც სილამაზის ცენტრის არსებობაა. მიუხედავად ამისა, ეს კვლევა მნიშვნელოვან კითხვებს წამოწევს წინ: რა მიზნის მიღწევას ვცდილობთ? რატომ გვაღელვებს, სილამაზეს ტვინში ერთი უბანი შეესაბამება თუ ათი? თუ ეს უკანასკნელია სწორი პასუხი, მაშინ ეს სილამაზეს ათჯერ უფრო საოცარს გახდის თუ მის ღირებულებას ათჯერ შეამცირებს? უფრო კონკრეტული კითხვა კი ასეთია: როგორ აღვიქვამთ სილამაზეს განსხვავებულად, თუ ზუსტად ვიცით, რომ ტვინში ის ყველასთვის მსგავსად გამოიყურება?

ალბათ მრავალი წელი და თაობათა ცვლა იქნება საჭირო, რომ ესთეტიკის ნეირომეცნიერების ისეთი მიმდინარეობა შევქმნათ, რომელსაც ფიზიოლოგები და ჰუმანისტები ერთნაირად დამაჯერებლად ჩათვლიან. თუმცა იმაში კი დარწმუნებულნი შეგვიძლია ვიყოთ, რომ მაცდუნებელი სილამაზე ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება დამაინტრიგებელ და მიმზიდველ ფენომენად.