ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მთავარ არხთან ამბობს, რომ ხელისუფლება მას ისევ საპატიმროში დატოვებს.

"ვფიქრობ, რომ სასამართლო არ გააუქმებს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის გადაწყვეტილებას, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენ გასულები ვართ სამართლებრივი სივრციდან და ქვეყანაში გვაქვს ველური დღის წესრიგი, სადაც ხელისუფლება თვლის, რომ ოპონენტი უნდა დაჩაგროს, მათ შორის დაპატიმრების გზით. მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს, იმის გამოც, რომ ამ შემთხვევაში, მოლაპარაკების შემდგომ რაუნდზე ივანიშვილის წარმომადგენლებს ჩემთან ერთად მოუწევთ მაგიდასთან დაჯდომა, სადაც მექნება უდიდესი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა, თუ რატომ ამის ახსნას არ დავიწყებ. გარდა ამისა, ხელისუფლება არ მომცემს საშუალებას აქტიურად ჩავერთო 15 მაისის საპროტესტო აქციის მომზადებაში და ამ მიზნით შემოვიარო მთელი თბილისი და ყველა რაიონი", — მთავარი არხის ცნობით ამბობს მელია.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა. პროცესი 8 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება.

23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.