10 წლის წინ Facebook-ზე განსხვავებულ (ვირტუალურ) რეალობაში ვცხოვრობდით. დღეები პოლიტიკისა და კორონავირუსის ტალღების განხილვის მაგივრად, ლათინური ასოებით დაწერილი სიტყვების გაშიფვრასა და ფოტოებისა თუ გაზიარებული სიმღერებისთვის "ორიგინალური" აღწერების მოფიქრებაში მშვიდად გადიოდა.

უდარდელი წარსულის გასახსენებლად და ნოსტალგიის გასამძაფრებლად, გთავაზობთ 10 უცნაურობას, რომელიც 10 წლის წინ ფეისბუქზე არავის გვიკვირდა:

1. Qartuli sitkvebis latinuri asoebit tsera

ფოტო: Giphy

თუ თქვენი ნათესავები ფოტოებზე ჯერ კიდევ ლათინური ასოებით გესიყვარულებიან, შეიძლება არც კი გახსოვთ, რომ ოდესღაც ყველა ასე ვწერდით. თავდაპირველად, ლათინურად დაწერილი წინადადების გაშიფვრისას თავი იმიტაციის თამაშში გვეგონა, თუმცა მალე ყველანი ექსპერტები გავხდით და იმაზე დავიწყეთ დავა, ხ-ს ლათინურად Kh შეესაბამებოდა თუ X.

2. დიდი და პატარა ლათინური ასოების უცნაური კომბინაციები

ფოტო: Giphy

ალბათ, ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოება უფრო მალე ამოიხსნება, ვიდრე ის, თუ პირველად ვინ და რატომ გადაწყვიტა, რომ aSe DaeTSeRa. კონკრეტულად რისი თქმა გვინდოდა მსგავსი კომბინაციებით, მეცნიერებს ჯერჯერობით არ DaudGeNiaT.

3. ერთმანეთის ფეისბუქის კედელზე შემდეგი ფრაზის დაწერა: "რომ შემოხვალ, მომწერე" (ლათინური ასოებით, რა თქმა უნდა)

ფოტო: Giphy

აუცილებელი იყო, ყველას სცოდნოდა, რომ კონკრეტულ ადამიანთან გადაუდებელი საქმე გვქონდა. ამ ფაქტის გასაჯაროების საუკეთესო გზა კი მეგობრის კედელზე მსგავსი ფრაზების დაწერა იყო. ამ ფრაზების კატეგორიას ასევე მიეკუთვნება: "აქ ხარ?" და "მოდი PM"(პირადი შეტყობინებები).

4. ფრაზები "მიმხვედრი მიხვდება" და "გამგები გაიგებს"

ფოტო: Giphy

ამ ფრაზას, უმეტესად, ბრძნული ტექსტებითა და გულის სიღრმეში დამალული გრძნობებით დახუნძლული სიმღერების აღწერებში შეხვდებოდით. საზოგადოებას აუცილებლად უნდა გამოეცნო, თუ რატომ გააზიარე კონკრეტული სიმღერა და რა იმალება ამ ნაბიჯის მიღმა! ხვდებოდა თუ არა მიმხვედრი ან იგებდა თუ არა გამგები ამ დაფარულ შეტყობინებებს, უცნობია.

5. "ანის ხათრით", "ხარისხისთვის ბოდიში", "ცოტახნით იყოს...", "ერთი ასეთი ფოტო მეც ხო უნდა მედოს" და კიდევ 50 აღწერა, რომლითაც ფოტო უნდა დაგემშვენებინა

ფოტო: Giphy

სიმღერებთან ერთად, არც ჩვენსავე ფოტოებს ვწყალობდით და "ორიგინალურ" აღწერებს არ ვიშურებდით. უხარისხო ფოტოებს ვამართლებდით, მეგობრებს გულს არ ვუტეხდით და მათ მიერ მოწონებულ ფოტოებს გულუხვად ვუზიარებდით საზოგადოებას ან ყველას ვაფრთხილებდით, რომ კონკრეტული ფოტოს ცქერა მხოლოდ შეზღუდული დროით შეეძლებოდათ, ამიტომ სანამ დრო იყო, უნდა დამტკბარიყვნენ.

6. ფეისბუქ პროფილები, სახელად "ყველაზე ლამაზები" (Kvelaze Lamazebi)

ფოტო: Giphy

ვოგის გარეკანზე მოხვედრა ისეთი საპატიო ვერასდროს იქნებოდა, როგორც მსგავს პროფილზე შენი სურათის დანახვა. არანაკლები პოპულარობით სარგებლობდნენ პროფილები, სახელად "ინტერვიუ ყველასთან" (Interviu Kvelastan), რომლებიც საინტერესო ინფორმაციის უშრეტ წყაროს წარმოადგენდნენ.

7. დაუსრულებელი დიალოგები კომენტარებში

ფოტო: Giphy

გაურკვეველ მიზეზთა გამო, ნებისმიერ ადამიანს ფოტოს ან სტატუსის კომენტარებში უნდებოდა ოჯახის მოკითხვა, ბავშვობის მოგონებების გახსენება და სამომავლო შეხვედრების დაგეგმვა. ყველაფერს კი ის ართულებდა, რომ 10 წლის წინ კომენტარებს Reply ფუნქცია არ ჰქონდათ, შესაბამისად თითოეულ პოსტსა თუ ფოტოზე ათობით სხვადასხვა დიალოგის წაკითხვა გვიწევდა.

8. უცნაური წარწერებით დამშვენებული გარეკანის ფოტოები

ფოტო: Giphy

გარეკანის ფოტოებზე ხშირად შეხვდებოდით ისეთ წარწერებს, როგორებიცაა: "Only God Can Judge Me", "დედა, შენს პრინცესას ხულიგანი შეუყვარდა", "მიყვარხართ მარტო ჩემები, მკიდიხართ დანარჩენები", "მხოლოდ მთებშია თავისუფლება" და ა.შ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა 2Pac-ის, ირაკლი ჩარკვიანის, მგლების, სერიალ ბრიგადისა და უბრალოდ გვირგვინის ფოტოები.

9. კომპანიები და დაწესებულებები, რომლებსაც გვერდების მაგივრად, პროფილები ჰქონდათ

ფოტო: Giphy

თუ დროდადრო მეგობრებში კარ-ფანჯრების ან სხვა საინტერესო კომპანიების პროფილები გამატებთ, იცოდეთ, რომ აღნიშნული პრაქტიკა სათავეს უძველესი დროიდან იღებს, როცა დაწესებულებსა და კომპანიებს გვერდების მაგივრად, პროფილები ჰქონდათ. ზოგიერთი მათგანი საკუთარი პირადი ცხოვრების გაზიარების პატივსაც გვდებდა და სურათებსაც გულუხვად გვილაიქებდა.

10. უამრავი გამოგონილი ემოჯი, რომელთა ზუსტი მნიშვნელობა არავინ ვიცოდით

ფოტო: Giphy

სანამ მარკ ცუკერბერგი საინტერესო ემოჯებით, რეაქციებითა და სტიკერებით გაგვათამამებდა, ფანტაზიის მოხმობა გვჭირდებოდა. xD, ))), *__*, :X, :S — ეს იმ რეაქციების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც თითქმის ყველა შეტყობინებასა თუ კომენტარში შეხვდებოდით. ზოგიერთ ემოჯის, სკაიპის გავლენით, სიტყვიერადაც კი ვწერდით, მაგალითად, :rofl:, :jump: და ა.შ.

ბონუსი: გაუზიარე ეს პოსტი (სტატია) 10 ადამიანს და მოულოდნელი სიხარული გეწვევა

ეს ლეგენდარული ფრაზა 10 წლის წინ ფეისბუქის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. ვინ იცის, იქნებ ეს პანდემია იმის ბრალია, რომ პოსტებს 10 ადამიანს არასდროს ვუზიარებდით?