ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, თუ კორონავირუსის ინფექციის მატების ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა შეზღუდვების ნაწილი აღდგეს.

"ჯერჯერობით იმაზე ვსაუბრობთ, რომ უკვე დაწესებული ზომების აღსრულების პროცესი გამკაცრდეს, მაგრამ, თუ ტენდენციები ამგვარი მატებით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ ისევ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და აქედან, მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ.

ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დაიცავს საზოგადოება უკვე დაწესებულ წესებს. ეს იქნება გარანტია იმის, რომ ჩვენ აღარ მოგვიხდეს მკაცრი შეზღუდვების დაბრუნება", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი თანდათან იზრდება. 6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 196, ხოლო გარდაიცვალა — 10 ადამიანი.

გაუარესებული ეპიდვითარების გამო შეზღუდვების გამკაცრებაზე ისაუბრა დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც.

გაიგეთ მეტი: