ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ჩინურ ვაქცინებს, სინოფარმსა და სინოვაკს შორის განსხვავებებს გამარტავს და მათი გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებზე საუბრობს.

"სინოფარმი, ეს არის ჩინეთის სახელმწიფო საწარმოს მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ბევრ ქვეყანაში უკვე (უნგრეთში), როგორც გითხარით, მკაცრ მარეგულირებელშ არის ავტორიზებული) და ბევრ ქვეყანაში ხდება მისი გამოყენება. სინოვაკი არის ჩინური კერძო კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ძალიან აქტიურად გამოიყენება თურქეთში, აზერბაიჯანში ნახევარი მილიონი ადამიანი არის უკვე სინოვაკით აცრილი. სინოვაკს, დღევანდელი მდგომარეობით, არ აქვს არც ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია, გამომდინარე აქედან, სამართლებრივი საფუძველი ჩვენ ჯერ სინოვაკის გამოყენებისა არ გვაქვს, ამდენად, უნდა დაველოდოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას", — განაცხადა გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის ვაქცინა 1 214-მა ადამიანმა გაიკეთა, სულ აცრილია — 12 846.

საქართველოში მედპერსონალის ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო, ხოლო ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით მოქალაქეები 25 მარტიდან ჩაერთნენ. ვაქცინაციის პროცესში 2 აპრილიდან ჩართნენ 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებიც.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს გამთენიისას ჩამოიტანეს. ხოლო ჩინური ვაქცინა სინოფარმი ქვეყანამ 3 აპრილს მიიღო.