რუსეთმა ბირთვული იარაღი შექმნა, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს ზღვის ფსკერს, აფეთქდეს სანაპირო ზოლთან და ეს ტერიტორია "რადიოაქტიური ცუნამით" დაფაროს.

CNN-ის მიხედვით, ბირთვულმა იარაღმა, რომელსაც Poseidon 2M39 ტორპედო ეწოდება, ექსპერტების შეშფოთება გამოიწვია — ამ იარაღის ამოქმედების შემთხვევაში, რადიოაქტიურმა ტალღებმა, შესაძლოა, გაანადგურონ სანაპირო ქალაქები და უზარმაზარი ტერიტორია ძალიან დიდი ხნის მანძილზე საცხოვრებლად არახელსაყრელ გარემოდ აქციონ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი იარაღის შექმნა წლების მანძილზე ტექნოლოგიურად წარმოუდგენლად მიაჩნდათ, რუსეთის ამჟამინდელმა სამხედრო ექსპერიმენტებმა, რომლებიც არქტიკაში ტარდება, ეს საფრთხე მოსალოდნელი გახადა.

ქრისტოფერ ფორდმა, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ გასულ წელს CNN-ს განუცხადა, რომ ეს შემზარავი იარაღი "აშშ-ს სანაპირო ქალაქების რადიოაქტიური წყლით დასაფარადაა გამიზნული".

CNN იუწყება, რომ Poseidon 2M39-ის შესახებ პირველად 2015 წელს გამოაცხადეს, მაგრამ ექსპერტებს რუსეთის გარეთ მიაჩნდათ, რომ ეს საშიში სახელის მქონე იარაღი სინამდვილეში არაეფექტიანი ტექნოლოგია იყო, რომელსაც მხოლოდ მოლაპარაკებების საწარმოებლად გამოიყენებდნენ.

ამჟამად კი რუსეთი განაგრძობს ამ და სხვა მაღალტექნოლოგიური იარაღების შემოწმებას. მათ შორისაა ჰიპერსონიკური რაკეტები.

"ეს პროექტი წარმოადგენს ერთგვარ შესაშინებელ იარაღს, რომელსაც მომავალში რუსეთი შეიარაღების კონტროლის მოლაპარაკებებისთვის გამოიყენებს", — აღნიშნავს ნორვეგიის თავდაცვის კვლევების ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, კატარჟინა ზისკი CNN-თან ინტერვიუში.

რა თქმა უნდა, აღნიშნული იარაღის გამოყენება უდიდეს საფრთხეს შეიცავს, თუმცა, უარყოფითი სამხედრო და სოციოპოლიტიკური შედეგების გარდა, Poseidon 2M39-ის გამოყენება გამოიწვევს გარემოს განადგურებას, ეს ზიანი კი ათწლეულების მანძილზე გასტანს.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელია შედეგების ეკოლოგიური მხარე, ამ იარაღს კი ბირთვული დაბინძურების პოტენციალი ნამდვილად აქვს", — განუცხადა CNN-ს ნორვეგიის დაზვერვის ვიცე ადმირალმა, ნილს ანდრეას სტენსონესმა.