წარმოიდგინე, რომ მატარებლის ლიანდაგებთან დიდ დროს ატარებ. რატომ? რა ვიცი, დავუშვათ, რომ მატარებლებზე გიჟდები. ახლა კი სწორედ იმ ადგილას დგახარ, სადაც მატარებლის ლიანდაგი ორი მიმართულებით იყოფა. შენ გვერდით კი ბერკეტია, რომლის გამოყენებითაც შეგიძლია, მატარებელს მიმართულება შეუცვალო.

მაგრამ ეს ჩვეულებრივი მატარებლის ლიანდაგი არ არის. ის უფრო ვესტერნის შარჟს მოგვაგონებს, რადგან რელსები ხელფეხშეკრული ადამიანებითაა სავსე. ხუთი მათგანი გაყოფილ ლიანდაგთაგან ერთზე წევს, ხოლო მეორეზე მხოლოდ ერთი ადამიანია. მატარებელი კი ძალიან დიდი სიჩქარით სწორედ იმ მიმართულებით მოძრაობს, საითაც ხუთი ადამიანია და ცოტაც და ხუთივეს ზედ გადაუვლის.

რატომ არის ეს ხალხი აქ? იმიტომ, რომ ფილოსოფოსს შენი ზნეობრივი პრინციპების გამოცდა უნდა — აი, რატომ!

საქმე ისაა, რომ არჩევანის წინ დგახარ: ან მოვლენების განვითარებაში არ ჩაერევი და მატარებელი ლიანდაგზე მყოფ ხუთ ადამიანს გადაუვლის, ან ბერკეტს გადაწევ და მატარებელს მეორე მიმართულებაზე გადაიყვან, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მოკვდება.

კეთილი იყო შენი მობრძანება ტრამვაის დილემაში, რომელიც მორალის ფილოსოფოსმა, ფილიპა ფუტმა 1960-იან წლებში შეთხზა. დილემა ფილოსოფიის სტუდენტებისთვის დღემდე ღამის კოშმარია — რომ არაფერი ვთქვათ იმ უამრავ მიმზე, რომლებითაც ინტერნეტია გადავსებული.

მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას — რას გააკეთებ? ბერკეტს გადაწევ, ხუთ ადამიანს იხსნი და ერთს მოკლავ? თუ ამ ყველაფერში არ ჩაერევი და ხუთ ადამიანს სიკვდილის პირას მიატოვებ?

არგუმენტი ჩაურევლობის სასარგებლოდ

ფოტო: Lisa Larson-Walker

არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ არაფერი გააკეთო და მატარებელს ნება დართო, ხუთი ადამიანი იმსხვერპლოს, ერთი შეხედვით, მარტივად ჟღერს. თუ ბერკეტს გადაწევ, ერთი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდები. ადამიანის სიკვდილის მიზეზად გახდომა კი ზედმეტად წააგავს ვინმეს მოკვლას. ხოლო ადამიანის მოკვლა რომ არასწორი საქციელია, ეგ ყველამ ვიცით. ამიტომ ბერკეტი არ უნდა გადავწიოთ.

მაგრამ ვისაც ამ მოსაზრების დაცვა სურს, სახიფათო ფილოსოფიურ პრობლემას უნდა გაუმკლავდეს. საქმე ისაა, რომ ამ მოსაზრების დამცველთა არგუმენტი ეყრდნობა არცთუ მყარ წანამძღვარს, თითქოს ბერკეტის არგადაწევის შემთხვევაში შენ ხუთ ადამიანს არ კლავ. ამ აზრის დაცვა კი ნამდვილად რთულია.

დანის პირზე მორბენალის სტილში, წარმოიდგინე, რომ უდაბნოში ხარ და ზურგზე ამოტრიალებულ კუს ხედავ, რომელიც თავის ჯავშანზე წევს და მზეზე იწვის. თუ არ დაეხმარები, კუ მოკვდება, მაგრამ შენ მაინც არაფერს აკეთებ. ადამიანთა უმრავლესობა გეტყოდა, რომ შენ ხარ კუს სიკვდილზე პასუხისმგებელი. შენი გადაწყვეტილება, არ დახმარებოდი კუს, მისთვის სასიკვდილო განაჩენი აღმოჩნდა.

ამისგან რითი განსხვავდება ლიანდაგზე მყოფი ადამიანების შემთხვევა? ისინიც შენი დახმარების გარეშე მოკვდებიან — შენ კი არ ეხმარები.

არგუმენტი ბერკეტის გადაწევის სასარგებლოდ

ვთქვათ, შენ ბერკეტის გადაწევა გადაწყვიტე (კვლევის თანახმად, უმეტესობა სწორედ ასე იქცევა) და ხუთი ადამიანი გადაარჩინე, ხოლო მეორე ლიანდაგზე მყოფი ერთი ადამიანი მოკვდა. ამის გაკეთების მიზეზი აშკარაა: ხუთი ერთზე გაცილებით დიდი რიცხვია. ასე რომ, თუ ხუთი ადამიანის გადარჩენა ერთის სიკვდილის სანაცვლოდ შეძელი, მაშინ ეს სწორი გადაწყვეტილება ჩანს.

რათა ყველაფერი უფრო ცხადი გახდეს, სცენარი შევაბრუნოთ. თუ მატარებელი ერთი ადამიანისკენ მიემართებოდა და შენ ბერკეტის გადაწევით ის ხუთი ადამიანისკენ გაგზავნე, ფსიქოპათი გამოდიხარ... ან ეს ბავშვი, რომელმაც ტრამვაის დილემა ყველაზე სასტიკი მეთოდით გადაჭრა:

ამ არგუმენტის მიხედვით, ცუდი იქნება იმაზე მეტი ადამიანის სიკვდილი დავუშვათ, ვიდრე საჭიროა. ამიტომ ჩვენ ხუთი ადამიანის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ, თუნდაც ეს ერთი ადამიანის სიკვდილს ნიშნავდეს. ასე რომ, დაე იმ ერთმა ადამიანმა მშვიდად განისვენოს!

მაგრამ მოიცადე! მოდი, ტრამვაის დილემის ახალი ვერსია შევქმნათ და ის პრინციპი შევამოწმოთ, რომლის მიხედვითაც, არასწორია, იმაზე მეტი ადამიანის სიკვდილი დავუშვათ, ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვს.

წარმოიდგინე, რომ ახლაც მატარებლის ლიანდაგებთან ხარ, მაგრამ ამჯერად ბერკეტი არ არის და მატარებელს სვლა მხოლოდ ერთი მიმართულებით შეუძლია. შენ მატარებლის ლიანდაგების ზემოთ, ხიდზე დგახარ და შიშით უყურებ მოვლენების განვითარებას. მაგრამ ამჯერად მარტო არ ხარ, შენ გვერდით კიდევ არის ვიღაც — უზარმაზარი ზომის ადამიანი. წარმოდგენა რომ გაგიადვილდეს, ჩათვალე, რომ ის დუეინ როკ ჯონსონის ზომისაა — უბრალოდ, ძალიან დიდი სხეულის მქონე ბიჭია, რომელსაც მატარებლების ყურება მოსწონს.

ეს უზარმაზარი ბიჭიც ძალიან შეშინებულია იმით, რაც უნდა მოხდეს. ის თითქმის მთელი სხეულით გადახრილია და ხიდის კიდეს მხოლოდ მცირედით ეყრდნობა, თან შეძახილებით ხალხს დასახმარებლად მოუხმობს. შენ კი გონებაში სწრაფად აწონ-დაწონი სიტუაციას და ხვდები, ეს ბიჭი იმდენად დიდია, რომ მის სხეულს მატარებლის ლიანდაგიდან გადაგდება შეეძლება. ამ უზარმაზარი ადამიანის სიმძიმის ცენტრი ახლა ხიდის მიღმაა, ამიტომ მცირე ბიძგით შეგიძლია, ის მატარებლის წინ ჩააგდო. ბიჭი მოკვდება, მაგრამ მატარებელს შეაჩერებს და ამით ხუთი ადამიანი გადარჩება.

ფოტო: iStock

ჩვენი პრინციპიდან გამომდინარე, სწორი იქნება, თუ ჩვენს დიდ ყმაწვილს მატარებლის ღმერთებს მსხვერპლად შევწირავთ, რათა ლიანდაგზე მიბმული ხუთი ადამიანი ვიხსნათ. მაგრამ ამას აშკარა მკვლელობის სუნი ასდის და ამიტომ ცუდი საქციელია. ასე შევდივართ ჩიხში. ჩვენი პრინციპი, რომლის მიხედვითაც, არასწორია, იმაზე მეტი ადამიანი მოკვდეს, ვიდრე საჭიროა, ამ სცენარში აშკარად არ მუშაობს. თუ მუშაობს?

მიზანი არ ამართლებს საშუალებას

ტრადიციული ტრამვაის პრობლემისგან ხიდის სცენარი იმით განსხვავდება, რომ მასში ქმედებები განცალკევებულია: ჯერ უზარმაზარი ბიჭი მოკვდება და შემდეგ ხუთი ადამიანი გადარჩება. თავდაპირველ დილემაში ერთი ქმედება — ბერკეტის გადაწევა — ერთ ადამიანს კლავს და დანარჩენებს იხსნის, ამიტომ კარგი და ცუდი მოვლენა ერთდროულად ხდება.

ეს სიტუაცია იმის მსგავსია, რომ მეგობრის ფეხზე კოღო შენიშნო: შენ კოღოს იმ მიზნით კლავ, რომ მეგობარი ფეხის ქავილმა არ შეაწუხოს. დარტყმისას მეგობარს ფეხი შეიძლება ცოტათი ეტკინოს, მაგრამ ეს სიკეთის ჩადენის გარდაუვალი გვერდითი მოვლენაა.

ტვიტი: "ვირუსის მეორე მასიური ტალღის დროს რამდენიმე შტატში ადამიანები მადლიერების დღის აღსანიშნავად იკრიბებიან. მაინტერესებს, შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე როგორ უნდა გავუმკლავდეთ ტრამვაის პრობლემის ამ ახალ ვერსიას, როცა ხალხი ლიანდაგზე თავისი ნებით წვება".

ზოგიერთის აზრით, ზედა ორი დილემის მიმართ ჩვენი განსხვავებული დამოკიდებულებები გვერდითი მოვლენების გააზრებით შეიძლება აიხსნას. პირველ შემთხვევაში, ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ, რაც გვერდითი მოვლენის სახით სხვა ადამიანის გარდაუვალ სიკვდილს იწვევს. სტრუქტურულად ეს იგივეა, რაც კოღოს კეთილსინდისიერი მკვლელობა.

ამის საპირისპიროდ, ხიდის სცენარი მეგობრის ღამით სახლში იმ მიზნით ჩაკეტვას ჰგავს, რომ კოღოს ნაკბენები თავიდან ააცილო. მართალია, კარგი მიზანი გამოძრავებს, მაგრამ მის მისაღწევად ეთიკურად ძალიან საეჭვო გზას ირჩევ. თუმცა ზოგიერთი იმ საეჭვო მიდგომასაც ამართლებს, რომ ხანდახან კარგი მიზნისთვის ცუდი ქმედების ჩადენაა საჭირო. ამ სააზროვნო ექსპერიმენტის ჩატარებისას ყოველთვის ჩნდება მტკიცე პრინციპების მქონე რამდენიმე ადამიანი, რომელიც უზარმაზარ ბიჭს საჭიროების შემთხვევაში სხვების სიცოცხლის გადასარჩენად სიამოვნებით გაწირავს.

ამ ადამიანთაგან ზოგიერთი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, უტილიტარიზმის რადიკალური ფორმის მიხედვით მოქმედებს. უტილიტარიზმი ეთიკის თეორიაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ქმედების სიავკარგე მისი შედეგის მიხედვით უნდა შეფასდეს და არა — ადამიანის განზრახვის, მისი სათნოების ხარისხის თუ მზრუნველობის სურვილის გათვალისწინებით.

უტილიტარიზმის მიმდევარნი, როგორც წესი, აბსოლუტური მორალური წესების არსებობის იდეით მოხიბლულნი არ არიან. მათი შეხედულება იმის შესახებ, თუ რა არის სწორი და არასწორი, თითქმის ყოველთვის "გარემოებებზეა დამოკიდებული", რაც რაღაც დონეზე სარწმუნოა. თუმცა იმ იდეას, რომ თუ ფსონი საკმარისად მაღალია, მის მისაღწევად ყველაფერი გამართლებულია, ერთობ არასახარბიელო შედეგების გამოწვევა შეუძლია.

იქნებ, ტრამვაის დილემა სისულელეა და ამით არ უნდა ვინტერესდებოდე?

ფოტო: Wikimedia Commons

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფილოსოფოსები ტრამვაის დილემის მიმართ უფრო კრიტიკულნი გახდნენ, რადგან ადამიანებს ამ პრობლემის გავლენით ეთიკაზე არასწორი შეხედულება უყალიბდებათ. ეს იმიტომ, რომ დილემა მხოლოდ ერთი ცენტრალური ეთიკური პრინციპის შესამოწმებლადაა შექმნილი.

ამ სააზროვნო ექსპერიმენტის გაცნობისთანავე სტუდენტები მრავალ შეკითხვას სვამენ: ვინ არის ეს ხალხი? როგორ მოხვდნენ იქ? შესაძლებელია თუ არა სხვა გადაწყვეტილებათა მიღება? ეს ძალიან სწორი შეკითხვებია. ნამდვილ სამყაროში მართებული ეთიკური გადაწყვეტილებების მისაღებად მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ, რადგან წარმოუდეგენელია, რომ რეალობა ტრამვაის დილემის იდენტური იყოს.

ამასთან, იგივე შეკითხვები აზროვნების ექსპერიმენტისთვის შეუსაბამოა, რადგან ისინი იმ ძირითად პრინციპს გვაშორებს, რომლის გამოცდასაც ვცდილობთ. ლექტორს ამ დროს შეუძლია სტუდენტებს უთხრას, რომ ისინი რთული გადაწყვეტილების მიღების თავიდან აცილებას ცდილობენ: ეს ხომ მორალური პრინციპების შესამოწმებელი ტესტია.

რა თქმა უნდა, ადამიანებს რთული არჩევანის თავიდან აცილება გვსურს! ეს კონკრეტული არჩევანი კი მართლა რთულია, რადგან საუკეთესო შემთხვევაშიც კი ვიღაც კვდება. ამიტომ ჩვენ სხვადასხვა ვარიანტს შევისწავლით და გადაწყვეტილების მიღებამდე მრავალი ისეთი სიტუაციის წარმოდგენას ვცდილობთ, როგორიც ორ აშკარა არჩევანს სცილდება.

თუმცა, აქ ნამდვილი პრობლემა ტრამვაის პრობლემაში კი არ არის, არამედ ჩვენს მიდრეკილებაში, ვიფიქროთ, რომ მთელი ფილოსოფიური და ეთიკური აზროვნება ამ დილემას ჰგავს.

ჩვენ ტრამვაის პრობლემის არსი არასწორად გვესმის: ის, რეალურად, უცნაური და ზუსტი სააზროვნო ექსპერიმენტია, რომელიც რამდენიმე კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხებს ამოწმებს. მსგავსი შეცდომის მაგალითია, როდესაც პანდემიის დასაწყისში გრატანის ინსტიტუტის პროფესორმა, ჯონ დელეიმ COVID-19 აღწერა როგორც "ტრამვაის პრობლემა რეალურ ცხოვრებაში".

მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ტრამვაის პრობლემა არ არსებობს — ამაშია მთელი მისი აზრი. ეს არის აბსურდული და შეუძლებელი მოვლენების ნაკრები, რომელიც საკუთარ აზროვნებაში აშკარა წინააღმდეგობების აღმოჩენისას გვაიძულებს, თავი უსიამოვნოდ ვიგრძნოთ. ამის შედეგად კი ვაანალიზებთ, საუკეთესო შედეგის მისაღწევად რამდენად ღირს ყველაფერზე წასვლა. ტრამვაის დილემის მთელი ფილოსოფიური აზროვნებისთვის მისაბაძ მაგალითად წარმოდგენა იგივეა, რაც ნიკოლას ქეიჯი დავსახოთ ყველა მსახიობისთვის სამაგალითო ნიმუშად. ქეიჯის მსგავსად, ტრამვაის პრობლემა კონკრეტულ როლებს კარგად შეესაბამება, თუმცა ის იმდენად უცნაურია, რომ ყველა შესაძლო სიტუაციაზე ვერ განვაზოგადებთ.

თუმცა სწორად შერჩეულ სიტუაციაში თავიანთ საქმეს ორივე მათგანი იდეალურად ასრულებს და ამის ყურება ძალიან თავშესაქცევია.