რთულია, ზუსტად გაიხსენო, როდის დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება და ვინ იყოს ის პირველი, ვინც ცრუ ახალი ამბებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცდა, თუმცა სხვადასხვა დროს ისეთი ე.წ. ფეიკ ნიუსების კამპანიები გვიხილავს, რომ რიგ ქვეყნებს სანქციებზე გაფრთხილებაც მიუღიათ.

დიახ — ინფორმაციის მანიპულაციამ მასშტაბური ხასიათი უკვე წლებია მიიღო. პრობლემა კი ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის შემდეგ კიდევ უფრო გამოიკვეთა. საზოგადოება საფრთხის პირისპირ მარტო რომ არ აღმოჩენილიყო, არაერთი მექანიზმი შემუშავდა და ახლა სამყარო დეზინფორმაციის წინააღმდეგ ერთობლივად იბრძვის.

Search The Facts ერთ-ერთი პლატფორმაა, რომელიც ამ ბრძოლაში სწორი ინფორმაციის მაძიებლების გვერდით დგას და მეტიც, მათ ფაქტების გადამოწმებაში ეხმარება.

როგორ შეიქმნა Search the Facts?

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოც აქტიურადაა ჩართული. მედიის განვითარების ფონდმა (MDF) პირველი გლობალური ჰაკათონი — Hacking the Fake News ჩაატარა, სადაც 4 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. ჰაკათონის მიზანი იყო ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების გენერირება, რომელიც ხელს შეუწყობს მავნე ინფორმაციული ოპერაციებისა და ყალბი კონტენტის გამოვლენას. კონკურსში პირველი ადგილი პლატფორმა — Search the Facts-მა მოიპოვა.

On.ge მის შემქნმელს ესაუბრა. ორ ლევი გვეუბნება, რომ პლატფორმაზე მუშაობის იდეა სწორედ ჰაკათონზე გაჩნდა.

"რაღაც დროს საკუთარ თავებს ვკითხეთ: "რატომ არ არის საძიებო სისტემა, რომელიც ფაქტებს ამოწმებს?" ვერ ვიპოვეთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თავად შეგვექმნა", — გვითხრა მან.

ფოტო: Search The Facts

შემდეგი ნაბიჯი იყო საძიებო სისტემის მახასიათებლებზე ფიქრი და მათი ისე დახვეწა, რომ საბოლოოდ ხარისხიანი პროდუქტი მიეღოთ.

"დავიწყეთ იდეაზე მუშაობა, ფიქრი იმაზე, თუ რა მახასიათებლები ექნებოდა საძიებო სისტემას. პირველი პროტოტიპი მარტივი ფორმით გავაკეთეთ, რაც მოიცავდა საკვანძო სიტყვების, ე.წ. ქივორდების შეყვანას და უკუკავშირის ლოგიკას, რომელიც ქივორდებს ClaimReview-ის მონაცემთა ბაზაში ეძებს. ნაბიჯ-ნაბიჯ გავაუმჯობესეთ და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ეს ჰაკათონი მოვიგეთ", — გვითხრა მან.

როგორ მუშაობს სისტემა?

მიუხედავად იმისა, რომ ფაქტების გადამოწმება და ზუსტი ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვანია, ეს ხშირად რთული, გრძელი და დამღლელი პროცესია. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს დეზინფორმაციით მანიპულირება არა იშვიათი გამონაკლისი, არამედ ადამიანთა განწყობების მართვის მთავარი იარაღია, ფაქტების მარტივად გადამოწმების სისტემის არსებობის აუცლებლობაც გარდაუვალი გახდა. Search the Facts ის სივრცეა, რომელიც ამ ფუნქციებს ითავსებს და მომხმარებელს ერთ ღილაკზე დაჭერით სასურველი, ანუ სწორი ინფორმაციის მიღებას სთავაზობს.

პლატფორმის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია ის, რომ ფაქტების გადამოწმება მრავალ ენაზეა შესაძლებელი. ამას უსვამს ხაზს ორ ლევიც და გვეუბნება, რომ საძიებო სისტემა მუდმივად განახლებადია.

ორ ლევი, Search the Facts-ის შემქმნელი

ფოტო: MDF

"რამდენადაც ჩვენ ვიცით, ამ ეტაპზე არ არის არცერთი საძიებო სისტემა, რომელიც ფაქტების გადამოწმებას ეხება. ClaimReview-ის სქემის გამოყენებით, ჩვენ ავაგეთ ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ბაზა, რომელიც ათი ათასობით ფაქტს ამოწმებს მრავალ ენაზე და მუდმივად განახლებადია", — თქვა მან.

ორ ლევი გვესაუბრა პლატფორმის სხვა მახასიათებლებზეც და მიუთითა, რომ რელევანტური შედეგის მიღება მომხმარებელს საძიებო სიტყვასთან შინაარსობრივი მსგავსების შემთხვევაშიც შეუძლია.

"სისტემას აქვს უნიკალურ სემანტიკური ძიების ფუნქცია — ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაამოწმოს ფაქტები, რომელთაც სემანტიკური მსგავსება აქვთ მოცემულ საკვანძო სიტყვებთან. მაგალითად, თუ მოძებნი წინადადებას: "ტრამპმა წააგო არჩევნები", ამოგიგდებს შედეგს: "ტრამპს არ მოუგია არჩევნები". ეს წინადადება არ შეიცავს ტერმინს "წაგება", მაგრამ სემანტიკური მსგავსებიდან გამომდინარე, ის აღიქვამს, რომ "არ მოუგია" "წაგების" მსგავსია და შედეგიც რელევანტურია", — გვიხსნის ის.

ფოტო: Search The Facts

როცა სისტემაში სასურველი ფაქტის გადამოწმებას ცდილობ, ის რამდენიმე შედეგს ეძებს, საკვანძო სიტყვების დახმარებით შესაბამის ინფორმაციას პოულობს და გიჩვენებს უკვე გადამოწმებულ, სწორ ამბავს. აქ, ასევე, მოცემულია ის, თუ ვის მიერ და როდის არის ფაქტი გადამოწმებული, რაც მომხმარებლისთვის მასალის სანდოობას კიდევ უფრო ზრდის.

ორ ლევი განმარტავს, რომ გარდა სანდო ინფორმაციის სწრაფად მოძიებისა, მომხმარებლებს, ასევე, შეუძლიათ გაეცნონ ტენდენციებსა და სტატისტიკას, თუ ვინ, სად და რომელი ფაქტი გადაამოწმა ყველაზე ხშირად.

"ჩვენ ვაჩვენებთ ფაქტების შემოწმების რაოდენობას მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში, თუ როგორ იცვლება ეს რაოდენობა დროთა განმავლობაში და რა არის ტენდენციური საკვანძო სიტყვები", — ამბობს ის.

რატომ უნდა გამოვიყენოთ Search the Facts და რა არის მისი მთავარი მიზანი?

პლატფორმა სიმართლის ნებისმიერი მაძიებლისთვისაა ხელმისაწვდომი. ამას გვეუბნება ლევიც და აღნიშნავს, რომ ფართო საზოგადოებასთან ერთად, სამიზნე აუდიტორიად კონკრეტულად ჟურნალისტები და მკვლევარებიც მოიაზრებიან. მისივე თქმით, ამ ინსტრუმენტის მიზანია, ადამიანებს დაეხმაროს, რაც შეიძლება სწრაფად გადაამოწმონ ფაქტები და იპოვონ სანდო ინფორმაცია.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ხელს შეუწყობს ფაქტჩექერებს, გახდნენ უფრო ეფექტურები და შეამცირებს დეზინფორმაციის გავრცელებას", — აღნიშნა მან.

ლევი ჩვენთან საუბრისას მიუთითებს ამ მექანიზმის სარგებელზე, განსაკუთრებით ახლა, როცა დეზინფორმაციის კამპანია კვლავ გააქტიურებულია, მათ შორის, კორონავირუსის ირგვლივ. მისი თქმით, დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა მარტივად შეძლონ სწორი ინფორმაციის მიღება, რასაც ეს პლატფორმაც ემსახურება.

"ჩვენ დეზინფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც სიცრუე და კონსპირაციები მუდმივად ვრცელდება. მაგალითად, კორონავირუსზე და ვაქცინაციაზე. დღესდღეობით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მედიაწიგნიერების უნარების განვითარება. ეს მექანიზმი მიზნად სწორედ კრიტიკული აზროვნების წახალისებას ისახავს, რაც საკამათო თემების ირგვლივ მეტი კონტექსტის შექმნით გამოიხატება. ჩვენ მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ, იპოვონ სანდო ინფორმაცია სწრაფად და მარტივად", — თქვა მან.


მართლაც, დღეს, როცა სამყაროს დეზინფორმაციის წინააღმდეგ მორიგი ბრძოლა აქვს გაჩაღებული, მარტივი და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველასთვის ხელმისაწვდომი პლატფორმის არსებობა მნიშვნელოვანია. აუციელებლია, ადამიანებმა საკუთარი ძალებით შეძლონ იმ ამბების გადამოწმება, რომელთა სანდოობის თუნდაც ეჭვქვეშ დაყენებას არასასურველ შედეგებამდე მივყავართ.