საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის 59% NATO-ში გაწევრიანების სრული მხარდამჭერია, 19% მეტწილად მხარდამჭერი, 6% მეტწილად წინააღმდეგი, 8% ძლიერად წინააღმდეგი, 8%-ს კი პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება ევროკავშირს, გაწევრიანების სრული მხარდამჭერი 67%-ია, მეტწილად მხარდამჭერი — 16%, მეტწილად წინააღმდეგი — 5%, ძლიერად წინააღმდეგი — 4%, 8%-ს კი პასუხი არ აქვს.

ასევე, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მხოლოდ პრო-ევროპული და დასავლური უნდა იყოს. 45% ფიქრობს, რომ პრო-დასავლურ კურსთან ერთად საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ურთიერთობები რუსეთთან. 6% ფიქრობს, რომ საქართველომ პრო-რუსული კურსი უნდა აირჩიოს ევროპასთან ურთიერთობების შენარჩუნებასთან ერთად, 2% ფიქრობს, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა პრო-რუსული უნდა იყოს. 7% უარს ამბობს, ან არ იცის კითხვაზე პასუხი.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ს მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2,5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი — 75 პროცენტი.