სანტა ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტის, ორეგანოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, მანჩესტერის უნივერსიტეტისა და ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევრები ცდილობენ, უკეთ შეისწავლონ მზის გამოსხივების ზემოქმედება SARS-CoV-2-ზე და მისი უნარი, გაანეიტრალოს ეს ვირუსი.

გუნდმა თავიანთი მონაცემები 2020 წლის ივლისის კვლევას შეადარა, რომლის მიხედვითაც, მზის რადიაცია ლაბორატორიულ გარემოში SARS-CoV-2-ს ანეიტრალებს. კვლევის შედეგები არც ისე ზუსტი აღმოჩნდა.

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ვირუსი იმაზე 8-ჯერ უფრო სწრაფად ნეიტრალდება მზის სხივებით დასხივებისას, ვიდრე ამას თეორიული მოდელი გვთავაზობს. "თეორიის მიხედვით, ულტრაიისფერი-B (UV-B) რადიაციის დასხივება ზემოქმედევს ვირუსის რნმ-ზე, აზიანებს ამ უკანასკნელს და საბოლოო ჯამში, ანეიტრალებს SARS-CoV-2-ს", — განმარტავს თავის განცხადებაში სანტა ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის მთავარი ავტორი, პაოლო ლუცატო-ფეჯიცი.

თუმცა, მკვლევართა გუნდი ფიქრობს, რომ რნმ-ზე UV-B-ს დასხივების გარდა, ვირუსის განეიტრალებას, შესაძლოა, რაიმე სხვა მექანიზმიც უწყობდეს ხელს . ეს შეიძლება იყოს ულტრაიისფერი-A (UV-A) გამოსხივება, რომელიც UV-B-ს პარალელურად მოქმედებს.

"ადამიანები ხშირად უგულებელყოფენ UV-A-ს ეფექტს, თუმცა, ეს გამოსხივება ურთიერთქმედებს მოლეკულებთან", — აღნიშნავს ლუცატო-ფეჯიცი. ეს მოლეკულები კი, სანაცვლოდ, შესაძლოა, ვირუსთან ურთიერთქმედებდნენ. საბოლოოდ, მათზე UV-A-ს დასხივება დააჩქარებს ვირუსის განეიტრალების პროცესს.

"ამიტომ, მეცნიერებმა ჯერ ზუსტად არ იციან, თუ რა იწვევს ამ ყველაფერს", — ამბობს ლუცატო-ფეჯიცი. "ჩვენი ანალიზი დამატებითი ექსპერიმენტების ჩატარების საჭიროებაზე მიანიშნებს, რათა განცალკევებულად შემოწმდეს ვირუსის რეაქცია სხვადასხვა ტალღის სიგრძის მოქმედებაზე".

თუ აღმოჩნდება, რომ UV-A-ს კორონავირუსის განეიტრალება შეუძლია, ეს ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს — არსებობს მრავალი ტიპის, არც ისე ძვირი ნათურები, რომლებიც მზის სინათლესთან შედარებით, დასხივების მეტი ინტენსივობით გამოირჩევიან. UV-A ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ჰაერის ფილტრაციის სისტემების ეფექტის გასაძლიერებლად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკის შექმნის გარეშე.