უამრავი ადამიანისთვის განკუთვნილი იღბალი მთლიანად ტენესელ კაცს დაებერტყა თავზე. მან ჯერ ლატარიაში მილიონი დოლარი მოიგო, შემდეგ კი დაკარგვის მიუხედავად მომგებიან ბილეთს ქუჩაში მიაგნო.

ნიკ სლატენმა როცა გაიგო, რომ ლატარიაში მომგებიანი ნომრები ამოუვიდა და $1 178 746 მოიგო, აღტაცებული მაშინვე საცოლის სამსახურში გაეშურა, რომ საუცხოო ამბავი ეხარებინა. ამის შემდეგ კიდევ უამრავ ადგილას შეიარა: ძმას მანქანის ნაწილი უყიდა, რესტორანში გემრიელად ისადილა, ქალაქში ისეირნა...

თუმცა მისი აღტაცება მალე პანიკამ შეცვალა, როცა აღმოაჩინა, რომ ბილეთი თან აღარ ჰქონდა.

სიტუაციას ქარიანი შუადღის გარდა ისიც აუარესებდა, რომ ნიკს ჯერ მომგებიან ბილეთზე ხელმოწერა არ ჰქონდა გაკეთებული, რაც ნებისმიერ მპოვნელს მის კანონიერ მფლობელად აქცევდა.

თუმცა, როგორც კი დამშვიდდა, მან ბევრისთვის ნაცად და წარმატებულ ხერხს მიმართა: სათითაოდ დაბრუნდა ყველა იმ ადგილას, სადაც მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ნიკმა თითქმის ყველა განვლილი ნაბიჯი აღიდგინა, რამდენიმე საათში კი იღბლიან ბილეთს პარკინგზე მიაგნო, სადაც ის ქარის მიუხედავად ასფალტზე "ელოდა".

ბილეთს ნაფეხურები ეტყობოდა:

"მილიონდოლარიანი ბილეთია და ხალხმა გადაუარა", — იცინოდა ნიკი.

ნიკმა მოგებაზე უკვე განაცხადა და როგორც განაცხადა, ის და მისი საცოლე მუშაობის გაგრძელებას გეგმავენ, ფულს კი ახალ სახლში, მანქანებში და ინვესტიციაში ჩადებენ.