ცხოვრება ჩვენ თვალწინ ყოველდღიურად იცვლება: სამუშაო რუტინა, სასწავლო გარემო, თანამედროვე ტექნიკა თუ სამოსი თვალსა და ხელს შუა სრულიად განსხვავებულ სახეს იღებს.

წარმოგიდგენიათ, როგორი თვალშისაცემი შეიძლება იყოს მსგავსი ცვლილებები იმ ადამიანისთვის, რომელიც გარესამყაროს დიდი ხნის განმავლობაში იყო მოწყვეტილი?

ამის საილუსტრაციოდ Reddit-ის მომხმარებლების ისტორიები გამოგვადგება, რომლებიც ციხიდან გამოსული ყოფილი პატიმრების უნიკალურ გამოცდილებას გვაცნობს: რა იყო ყველაზე დიდი შოკი, რაც მათ საზოგადოებაში წლების შემდეგ პირველად დაბრუნების შემდეგ განიცადეს.

1. "მამაჩემი 2003-დან 2016 წლამდე იყო ციხეში და გამოსვლის შემდეგ ყველაზე მეტად იმან გააკვირვა, თუ როგორ განვითარდა ტექნოლოგია და რამდენად მოიმატა McDonald’s-ში ფასებმა".

ფოტო: Justin Sullivan / Getty Images

2. "დაახლოებით მაშინ დამაპატიმრეს, როცა პირველი iPhone გამოვიდა. ციხიდან 2014 წელს გამოვედი და ყველაზე მეტად იმან კი არ შემაწუხა, რომ ამდენი სმარტფონი არსებობდა, არამედ იმან, რომ ყველა ყოველთვის სმარტფონების ეკრანებს იყო მიშტერებული. თავი Black Mirror / Twilight Zone-ში მეგონა".

3. "ცოტა ხნის წინ გამოვედი ციხიდან და ყველაზე უცნაური ჩემთვის ისაა, რომ ყველგან ეს წყეული სკუტერებია მიყრილი".

ფოტო: Mario Tama / Getty Images

4. "სასჯელის მოხდის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩემთვის არჩევანის გაკეთება აღმოჩნდა. აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ: თუ ძალიან გაგიმართლებს, ციხეში ორი შამპუნიდან ერთის არჩევის საშუალება გაქვს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი, როცა საყიდლებზე წავედი, მახსოვს, განცვიფრებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ ამდენი შამპუნიდან ერთი უნდა ამერჩია და წარმოდგენაც არ მქონდა, რომელი მინდოდა. ამის გამო რამდენიმე წუთის განმავლობაში ვტიროდი, სანამ მაღაზიიდან ხელცარიელი არ გამოვედი".

5. "ბიძაჩემი ციხეში თითქმის 30 წელი იჯდა და იქიდან გამოსვლისას ვერ იჯერებდა, რომ შესაძლებელი იყო, ნებისმიერი რამ ინტერნეტით შეგეკვეთა და სასურველ პროდუქტს სახლში მოგიტანდნენ. მის დასარწმუნებლად სადილი ონლაინ გამოვიძახეთ და როგორც კი კარზე ზარმა დარეკა, მაშინვე მივარდა გასაღებად და უბედნიერესი შეეგება კურიერს".

ფოტო: Svetikd / Getty Images

6. "ჩემმა დეიდაშვილმა ქურდობისა და ნარკოტიკების გამო ხუთწლიანი სასჯელი მოიხადა. ციხიდან გამოსვლისას, როცა დაინახა, თუ როგორ გაიზარდა ამასობაში ჩემი პატარა და, მაშინვე ტირილი აუვარდა".

7. "ოთხი წლის შემდეგ ჩემი ძმა ახლახან გამოვიდა ციხიდან და პირველი რაც გააკეთა, შხაპი მიიღო და შიშველი ფეხებით ხალიჩაზე გაირბინა. მისი თქმით, ეს ყველაზე მეტად ენატრებოდა".

8. "ექვსი წელი გავატარე საკანში. იქიდან გამოსვლისას ყველაზე მეტად იმან გამაოცა, თუ რა მშვენიერია, ფერებისა და ხედების ხილვა. დავიწყებული მქონდა, როგორი ლამაზია ბუნება. მაშინვე ვუთხარი ჩემს თავს, რომ უკან, ციხეში აღარასდროს დავბრუნდებოდი, რადგან იქ მშვენიერება არ არსებობს. მიხარია, რომ გარეთ ვარ და ყოველდღე შემიძლია ამ სილამაზით ტკბობა".

ფოტო: Jim Still-pepper / Getty Images

9. "სასჯელის 20 წლის მოხდის შემდეგ გაირკვა, რომ მამაჩემი უდანაშაულო იყო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი პირველი იმის აღმოჩენამ გააოგნა, რომ ტარება აღარ შეეძლო: არც მანქანის, არც ველოსიპედის. ორივეს სწავლა ხელახლა მოუწია და ძალიან სასაცილო სანახავი იყო, როგორ ჩამოვარდა 50 წელს გადაცილებული კაცი ველოსიპედიდან, როცა სწავლებისას შვილმა პირველად გაუშვა მას ხელი".

10. "ციხეში გატარებული ექვსი წლის შემდეგ შოკში ვიყავი, რომ სმარტფონის გარეშე ლამის ვეღარაფერს გააკეთებ. კომპანიები ვაკანსიებზე რეზიუმეებსაც კი ელექტრონულად იბარებენ".