ჯორჯიან მანგანეზის სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი ჭიათურაში კომპანიის მიერ საწარმოო პროცესის შედეგად გარემოს დაბინძურების შემცირებაზე აღებული პასუხისმგებლობების ამ დრომდე შეუსრულებლობას მოსახლეობის პროტესტსაც აბრალებს.

"რაც შეეხება ქარხნებს, გეთანხმებით, მაგრამ "უმრავლესობა არ შესრულდა" ამაზე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ უმრავლესობა შესრულდა და რატომ არ შესრულდა ამის მიზეზიც შემიძლია ავხსნა. ხელშემშლელი იყო სხვა პროექტები, რომლებიც არ იყო დაგეგმილი იგივე, ე.წ ნოფის ძალიან დიდი 4-მილიონიანი პროექტი, რომელიც ჩვენ იქ გავაკეთეთ. ხელი შეგვიშალა, სამწუხაროდ, მოსახლეობის პროტესტმა, ერთხელ 4 თვე, მეორეჯერ 3 თვე და, ეს რა თქმა უნდა, ხელისშემშლელი იყო. ყველაფერ ამას სჭირდება ფინანსები.

გარდა შლამსადინარისა და ამ შლამების დასაწყობებისა ყველა პრობლემა იმ გეგმით გადაიჭრა. ეს მთავარი გეგმაა შლამსადენი. ჯერ უნდა შევათანხმოთ სამინისტროსთან პროექტი და ზაფხულში შლამსადენის მშენებლობა დაიწყება. შემდეგ ამას მოჰყვება უკვე გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა შლამების დასაწყობების ადგილზე ღურღუმელაზე", — განაცხადა ჩიქოვანმა.

მას დღეს პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე უსმენდნენ, სადაც ის დეპუტატების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა.

შპს ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. გარემოზე მიყენებული ზიანისთვის კომპანია ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანია.