NASA-ს Insight დამშვებმა 7 და 18 მარტს მარსის Cerberus Fossae რეგიონში 3 და 3.1 მაგნიტუდების ძვრები დააფიქსირა. თუმცა, მათი წარმოშობის წყარო ჯერჯერობით უცნობია. NASA-ს პრეს რელიზის მიხედვით, იმავე რეგიონში დამშვები აქამდე კიდევ ორი — 3.6 და 3.5 მაგნიტუდის მიწისძვრების მომსწრე გახდა.

InSight-მა ჯამში 500-ზე მეტი მიწისძვრის დაკვირვება შეძლო. Cerberus Fossae-ში დაფიქსირებული მიწისძვრებიდან ოთხი გარკვეულ სიგნალებს შეიცავდა, რაც მეცნიერებს პლანეტის "ინტერიერის" შესწავლაში დაეხმარება. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს ოთხი მიწისძვრა რეგიონის სეისმურ აქტივობაზე მიანიშნებს.

"მისიის ფარგლებში ჩვენ ორი სხვადასხვა ტიპის "მარსისძვრა" ვიხილეთ — "მთვარის მსგავსი" და "დედამიწის მსგავსი", — აღნიშნა თავის პრეს რელიზში ტაიჩი კავამურამ პარიზის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტიდან. NASA-ს მიხედვით, "დედამიწის მსგავსი" მიწისძვრების დროს ტალღები პლანეტის გავლით ვრცელდებიან, "მთვარის მსგავსი" მიწისძვრების დროს კი ისინი გაფანტულია.

კავამურამ აღნიშნა, რომ Cerberus Fossae-ის ოთხივე მიწისძვრა "დედამიწის მსგავსი" იყო.

მეცნიერების აზრით, InSight დამშვებს გაუმართლა, რადგან მიწისძვრის დროს მარსის ზედაპირზე ნორმალური ამინდი იყო. აღსანიშნავია, რომ დამშვების სეისმომეტრი მეტად მგრძნობიარეა ქარისა და ცივი ამინდის მიმართ.

"შესანიშნავია, რომ კიდევ ერთხელ შევძლებთ "მარსისძვრებზე" დაკვირვებას ქარის ხმაურის გარეშე", — ამბობს პრეს რელიზში ჯონ კლინტონი, InSight Marsquake Servive-ს ლიდერი ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტიდან. "გასულ წელთან შედარებით, ახლა ბევრად უფრო სწრაფად შეგვიძლია წითელ პლანეტაზე სეისმური აქტივობის დახასიათება".

მკვლევრებისთვის წითელი პლანეტის მიწისძვრების წყარო ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან პლანეტას, დედამიწისგან განსხვავებით, ტექტონიკური ფილები არ აქვს. ზოგიერთი თეორიის მიხედვით, მარსის ზედაპირის ქვეშ გაყინული მიწისქვეშა წყლები ქმნიან წნევას და სწორედ ეს იწვევს "მარსისძვრებს".