შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი მღებრიშვილის დაჭრის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ნ.ტ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ რუსთავში თავის საცხოვრებელი ბინის კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს — 1978 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ქვედა კიდურის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება", — აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთავში ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი მღებრიშვილი დღეს, 4 აპრილს დაჭრეს. როგორც On.ge-ს პარტიის წარმომადგენელმა, დავით კირკიტაძემ უთხრა, მას დაზიანება სამსახურებრვი უფლებამოსილების განხორციელების დროს, ქართული ოცნების მხარდამჭერმა მიაყენა.