ბათუმში ქართული ოცნების მხარდამჭერები ოპოზიციური პარტიების ოფისებთან ცოცხებით მივიდნენ. აღნიშნულ ცოცხებზე სხვადასხვა პარტიის ლიდერის ფოტო იყო გამოსახული.

როგორც გამოცემა ბათუმელები წერს, აქციის მონაწილეები ჯერ ევროპული საქართველოს ოფისთან, შემდეგ კი ნაციონალურ მოძრაობასთან გადაინაცვლეს. მათ ოფისების ფანჯრებსა და კარებზე სტიკერები გააკრეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, წინა დღეს ოპოზიციის მხარდამჭერებმა იგივე გააკეთეს და სტიკერები გააკრეს ქართული ოცნების ოფისთან, რაც მათთვის მიუღებელია.

მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა სტიკერები გააკრეს მოძრაობა სირცხვილიას ბათუმის ოფისის კარებზეც.

4 აპრილის ღამეს, როცა სირცხვილია კომენდანტის საათს ბათუმშიც აპროტესტებდა, ორგანიზაციის რეგიონალურ ოფისში პოლიცია შევიდა, აქტივისტები შენობიდან გამოიყვანა და ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა.

ბათუმში გირჩის აქტივისტი, ირაკლი კუკანია On.ge-სთან ამბობს, რომ პოლიციელებმა მას წიხლი დაარტყეს და აქვს დაზიანებები.