ნეტფლიქსის პოპულარული სერიალის Stranger Things ვარსკვლავ მილი ბობი ბრაუნის ინტერესები, დიდი ალბათობით, მისი როლების ერთგული მაყურებლების გემოვნებას ნაკლებად ემთხვევა.

17 წლის მსახიობმა ახალ ინტერვიუში საუბრისას აღნიშნა, რომ კომიქსის გმირების ფილმების მწარმოებელი გავლენიანი კინოსტუდიების, Marvel-ის ან DC-ის ერთი ფილმიც კი არ აქვს ნანახი. მეტიც: მას ჰარი პოტერის ფილმების სერიაც კი არასდროს უნახავს.

"არასდროს მინახავს Marvel-ის და DC-ის ფილმები, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ოდესმე ვნახავ. უფრო მეტად ისეთ ფილმებს ვანიჭებ უპირატესობას, როგორიცაა უბის წიგნაკი (The Notebook). უფრო რეალისტური ისტორიები მიზიდავს, — ამბობს მილი ბობი ბრაუნი.

მან ისიც აღიარა, რომ ჰარი პოტერის ჯადასნურ სამყაროს დღემდე არ იცნობს: "ხშირად ამის გამო მეგობრები გაოცებული მეკითხებიან: "კი მაგრამ, რანაირად?" ამ კითხვაზე კი პასუხი არ მაქვს"

მილი ბობი ბრაუნი ფილმში Godzilla vs. Kong

ფოტო: Warner Bros. Pictures

მსახიობმა სერიალებზეც ისაუბრა და როგორც თავად აღნიშნა, მართალია, ოფისს (The Office) ჯერ არ იცნობს, მაგრამ სანაცვლოდ მეგობრების (Friends) ყველა ეპიზოდი აქვს ნანახი.

მილი ბობი ბრაუნი ერთ-ერთი საკვანძო პერსონაჟს ასახიერებს სერიალში უჩვეულო ამბები, რომლის მეოთხე სეზონსაც უამრავი გულშემატკივარი მოუთმენლად ელის. 2020 წელს ის ნეტფლქისის კიდევ ერთ სატელევიზიო შოუში შერლოკ ჰოლმსის დის როლში მოგვევლინა, წელს კი მაყურებელი მას ახალ ბლოკბასტერში Godzilla vs. Kong იხილავს.

ვერ ვიტყვით, რომ მილი ბობი ბრაუნი მაინცდამაინც არტჰაუს პროექტებში იღებს მონაწილეობას, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი ამჟამინდელი გემოვნება მარტინ სკორსეზეს ხედვას უფრო ემთხვევა, ვიდრე ნეტფლიქსის რიგითი მომხმარებლისას.