მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, აჭარის პოლიცია შეიჭრა მათი რეგიონალური ორგანიზაციის ოფისში, სადაც ისევე როგორც პარლამენტის წინ, იმართებოდა დაუმორჩილებლობის აქცია. მათივე განცხადებით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

"მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დატოვეთ ჩვენი ოფისის მიმდებარე ტერიტორია, შეწყვიტეთ ძალადობა და გაათავისუფლეთ დაკავებული აქტივისტები!", — აცხადებენ სირცხვილიაში.

ადგილზე მყოფი ადამიანები Facebook ლაივებში ამბობენ, რომ პოლიციამ მათზე ფიზიკურად იძალადა, ასევე, დაზიანებულია ოფისის კარი.

"მოვიდნენ, შემოიჭრნენ ძალით, გვათრიეს, დაიჭირეს ადამიანები და ახლა გვეუბნებიან, შიგნით შედითო. დედას გვაგინებდა პოლიცია", — ამბობენ ისინი.

On.ge ესაუბრა ერთ-ერთ დაკავებულს. ის ამბობს, რომ კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ და ჩართული ჰქონდათ მუსიკა, რა დროსაც მივიდა პოლიცია. მისივე თქმით, მათ არ წარმოუდგენიათ არანაირი დოკუმენტი, რომ ჰქონდათ უფლება შესულიყვნენ ოფისში.

"პოლიცია მოვიდა, არაფერი არ წარმოუდგენიათ, რომ უფლება ჰქონდათ შემოსულიყვნენ და დაეშალათ. მოხდა მერე დაკავება. დაზიანებები მაქვს", — გვითხრა გვითხრა აქტივისტმა, რომელიც პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, თუმცა სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა ვეღარ მოახერხა, რადგან, როგორც გვითხრა, პოლიციამ ტელეფონის გათიშვა მოსთხოვა.

აქტივისტები უკვე დაბრუნდნენ ოფისში. ადგილზე მყოფი რამდენიმე ადამიანი ვარაუდობს, რომ პოლიციამ არ იცოდა, სად შედიოდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სამი ადამიანი. On.ge ცდილობს შსს-სთან გაარკვიოს, რამდენი ადამიანი დააკავეს და რა მუხლით.