გურამ დოჩანაშვილს ხშირად მოიხსენებენ ქართული ლიტერატურის თანამედროვე კლასიკოსად. მწერალი, რომლის შექმნილი სამყარო წლების განმავლობაში რჩება (და ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება) მკითხველების საყვარელ ნავსაყუდლად, 2021 წლის 3 აპრილს გარდაიცვალა 82 წლის ასაკში.

სიცოცხლეშივე კლასიკოსად აღიარებულმა მწერალმა 82 წლის განმავლობაში ისეთივე დაძაბული, ფათერაკებით დახუნძლული და, ამასთან, სევდით და სიყვარულით გაჯერებული თავგადასავალი გამოიარა, როგორიც მის ნაწარმოებებშია აღწერილი. ზუსტად ასეთივე ადამიანად ახასიათებენ მას ისინი, ვინც ერთხელ მაინც მოახერხა მწერალთან შეხვედრა — სიყვარულით და სითბოთი სავსე. თუმცა, მწერლის, მით უმეტეს, დოჩანაშვილისნაირი შემოქმედის წილი ბედი ისიცაა, რომ დაუსწრებლად იცნობს ათასობით მკითხველს — ადამიანებს, ვინც უცნაური მაგიის გამოისობით ნაცნობ კანუდოსში აღმოჩენილა.

ამ სტატიაში მაგიური შემოქმედის ბიოგრაფიის გამორჩეულ დეტალებს გთავაზობთ.

1. დაიბადა ექიმის ოჯახში

ფოტო: ნათელა სეფიაშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

გურამ დოჩანაშვილი 1939 წელს, 26 მარტს დაიბადა თბილისში. მამამისი, პეტრე დოჩანაშვილი, ექიმი იყო. დედა კი, გულნარა ემხვარი, აკაკი წერეთლის დის შვილთაშვილი. თბილისის სხვადასხვა უბანში გატარებული ბავშვობა, როგორც ჩანს, მომავალში ცოცხალი და უშრეტი ფანტაზიის წყარო გახდა.

2. სწავლობდა მუსიკას

10 წლის გურამ დოჩანაშვილი.

ფოტო: ნათელა სეფიაშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

მომავალი ისტორიკოსი და მწერალი ბავშვობაში სკოლაში სწავლის პარალელურად ვიოლინოზე დაკვრას ეუფლებოდა სამუსიკო სასწავლებელში.

3. დააკავეს ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით

გურამ დოჩანაშვილი (მარჯვნივ) და თავისი მეგობრები.

ფოტო: ნათელა სეფიაშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

17 წლის დოჩანაშვილი სკოლის მეგობრებთან ერთად დააკავეს ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, განაჩენი, მოგვიანებით, პირობითი სასჯელით შეეცვალა.

4. მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში

ფოტო: ნათელა სეფიაშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

გურამ დოჩანაშვილმა 1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი გახდა. მუშაობისას მან მონაწილეობა მიიღო ათობით არქეოლოგიურ ექსპედიციაში.

5. პირველი შვილის დაბადება და პირველი წიგნის გამოცემა ერთსა და იმავე წელს უკავშირდება

ფოტო: ნათელა სეფიაშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

მწერლის პირველი წიგნი, მოთხრობების კრებული მთის გადაღმა 1966 წელს გამოიცა. ამავე წელს, მას და მის ცოლს — ნათელა სეფიაშვილს — პირველი შვილი შეეძინათ.

6. მწერლის მეორე შვილი ტრაგიკულად დაიღუპა

ფოტო: ნათელა სეფიაშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

დოჩანაშვილის მეორე შვილი — ირაკლი — 1968 წელს დაიბადა. იგი 1983 წელს გადაიღეს თემურ ფალავანდიშვილის ფილმში ჯადოსნური ღამე. 22 წლის ირაკლი დოჩანაშვილი 1990 წელს ტრაგიკულად დაიღუპა აივნიდან გადავარდნით.

7. დოჩანაშვილის ნოველის მიხედვით გადაიღეს ცნობილი ფილმი

გურამ დოჩანაშვილი და ფილმ ბესამეს (1989) გადამღები ჯგუფი.

ფოტო: ნათელა სეფიაშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

მაგნუმ ოპუსის — სამოსელი პირველის — გამოცემიდან ექვსი წლისთავზე დოჩანაშვილმა ნოველა ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები გამოაქვეყნა, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა მწერლის პოპულარობა მკითხველთა ფართო წრეებში. მოგვიანებით, 1989 წელს, ნინო ახვლედიანის რეჟისურით და თავად ნაწარმოების ავტორის სცენარით, გადაიღეს ფილმი ბესამე.

8. რომანი სამოსელი პირველი დღემდე ბესტსელერია

ფოტო: ნათელა სეფიაშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

სამოსელი პირველი თითქმის ნახევარი საუკუნის წინ — 1975 წელს — გამოიცა. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე მკითხველებს შორის. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ რომანი 2014 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის, ჩემი წიგნი, ერთ-ერთი ფინალისტი იყო — ათასობით მკითხველმა ნაწარმოები ყველა დროის 15 ყველაზე საყვარელ პროზაულ ტექსტს შორის დაასახელა.

9. მწერალმა 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაღუპულ მეგობარზე მოთხრობა დაწერა

ფოტო: თბილისის ზოოპარკი

როგორც უკვე ვახსენეთ, დოჩანაშვილი ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა. უნივერსიტეტში მის თანაკურსელებს შორის იყო გივი დვალიც, რომელიც, მოგვიანებით თბილისის ზოოპარკში მუშაობდა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს, როცა ზოოპარკის ტერიტორია დაიტბორა, დაიღუპა დაწესებულების სამი თანამშრომელი. მათგან ერთ-ერთი სწორედ დვალი იყო. დოჩანაშვილმა მას მოთხრობა გივიზე მიუძღვნა, რომელიც 2015 წელს გამოიცა და უფასოდ დარიგდა ტრაგედიის შემდგომ სამუშაოებში ჩართულ მოხალისეებზე. მოთხრობის ელექტრონული ვერსია ასევე უფასოდაა ხელმისაწვდომი საბაზე.

10. მიიღო პრემია საბა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

ფოტო: ნათელა სეფიაშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

ყოველწლიური პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ყველაზე გამორჩეული პრიზი ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გაიცემა. ამ ნომინაციის მფლობელი 2010 წელს გურამ დოჩანაშვილი გახდა. იმავე წელს გამოიცა მწერლის რომანი რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება.

ბონუსი: მისი მოთხრობა შესულია სასკოლო პროგრამაში

ფოტო: ნათელა სეფიაშვილი / ეროვნული ფოტომატიანე

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა 1973 წელს გამოქვეყნდა, თუმცა, მისი სიუჟეტი და ცოტათი ახირებული მთავარი პერსონაჟიც, თავისი ფრაზებითურთ, დღემდე კარგად ახსოვთ. მოთხრობა სასკოლო პროგრამაშიცაა შესული და მე-20 საუკუნის სხვა გამორჩეულ ქართულ ნაწარმოებებთან ერთად ისწავლება.

ამგვარად, ქართველ მკითხველს ყოველთვის კარგად ემახსოვრება ორივე კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა: ვასიკო კეჟერაძე და გურამ დოჩანაშვილი.