ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-სა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 27 უნივერსიტეტს 14 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

St. George’s University (SGU) გრენადაში, 1976 წელს დაარსდა, როგორც დამოუკიდებელი სამედიცინო სკოლა. უნივერსიტეტს სტუდენტები და პროფესორები ჰყავს 140-მდე ქვეყნიდან, რითიც ის გახდა საერთაშორისო განათლების ცენტრი.

უნივერსიტეტს 22 000-ზე მეტი კურსდამთავრებული ყავს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ექიმები, ვეტერინარები, მეცნიერები და ბიზნესმენები არიან.

უნივერსიტეტი შედგება 4 ძირითადი სკოლისაგან: მედიცინის სკოლა, ვეტერინარული სკოლა, ხელოვნებისა და მეცნიერებების სკოლა და სამაგისტრო სკოლა.

უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მრავალ პროგრამას: მედიცინისა და ვეტერინარიის დოქტორანტურას; მაგისტრატურას ჯანდაცვაში, საერთაშორისო ბიზნესში, განათლებასა და კლინიკურ ფსიქოლოგიაში; ბაკალავრის ხარისხს ბუღალტერიასა და ფინანსებში, ბიოლოგიაში, პროგრამირებაში, ჯანდაცვის მენეჯმენტში, ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაში.

უნივერსიტეტს აქვს ასევე საზაფხულო პროგრამები, როგორიცაა: მედიცინისა და ვეტერინარიის ზაფხულის აკადემია და ვეტერინარი მეცნიერების პროგრამა.

სწავლის გადასახადი დამოკიდებულია ხარისხსა და პროგრამაზე. სემესტრის საფასური საშუალოდ 30 000-40 000-ის ფარგლებშია. უნივერსიტეტს აქვს სხვადასხვა რაოდენობის თანადაფინანსების პროგრამა, რათა ხელი შეუწყონ მონდომებულ სტუდენტებს სწავლაში.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ SGU-ს წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. შეუერთდით აქ.