" თუ ეს საკმაირის არაა, ნება მომეცით მივამატო თავმჯდომარის მოადგილის მერვე ხმა", — ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ქართული ოცნების წევრების კრიტიკას, რომ განცხადებას დახმარების შეჩერების შესახებ მხოლოდ 7 ევროპარლამენტარი აწერს ხელს.

"განცხადებას ძირითადად ევროპარლამენტარმა თავმჯდომარეებმა მოაწერეს ხელი, თუ ეს საკმაირის არაა, ნება მომეცით მივამატო თავმჯდომარის მოადგილის მერვე ხმა. დიახ, შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობას, თუნდაც ისეთი კარგის, რომელიც დანიელსონმა გამოაქვეყნა, შეიძლება, მართლაც მოჰყვეს შედეგები. ევროკავშირი პარტნიორია და არა ინსტრუმენტი", — წერს გრეგოროვა ფეისბუქზე.

პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, 1-ლ აპრილს ეროპარლამენტარებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერებას მოითხოვენ. ისინი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულებაზე მწუხარებას გამოთქვამენ და ამ შედეგში პასუხისმგებლობას როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებსაც აკისრებენ.

ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მორიგი მედიაცია კვლავ უშედეგოდ დასრულდა მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ისაუბრეს, რომ იყო საკითხები, რაზეც თანხმდებოდნენ, მაგრამ ნაწილზე — ვერა. მაგალითად, ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ნიკა მელიასთან დაკავშირებით შემოთავაზებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც სრულად პასუხობდა პრობლემის გადაჭრას, თუმცა ეს არ განმეორდა გიორგი რურუას შემთხვევაში.

დანიელსონი მხარეებთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა თუმცა შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას წინასწარ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ არ გაავრცელეს არც ფოტოები და არც ვიდეო. მიშელის წარმომადგენელი საქართველოში მეორედ 27 მარტს ჩამოვიდა. ის 28 მარტს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ხოლო 29 მარტს პოლიტიკურ პარტიებს ინდივიდუალურ ფორმატში შეხვდა.

დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.

შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.