დისნეის, ალბათ, ყველაზე ცნობილი ანტიგმირის მიხედვით გადაღებული კრუელა 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოლოდინების მქონე ფილმია, რომლის პირველი ტრეილერიც თებერვალში გამოქვეყნდა და უკვე საყოველთაო განხილვების საბაბიც გახდა.

მართალია, ფილმი ჯერ არ გამოსულა და მისი შეფასებაც შეუძლებელია, თუმცა უკვე გავრცელებული კადრების გამო ბევრმა ის 2019 წლის გახმაურებულ კინოსურათს ჯოკერი შეადარა. ამასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს დისნეის მომავალ ფილმში მთავარი როლის, კრუელას შემსრულებელს, ემა სტოუნს, რაზეც მსახიობს გაეცინა და შემდეგი რამ თქვა:

"ჯოკერისგან ეს ფილმი ძალიან ბევრი რამით განსხვავდება. ამასთანავე საკუთარ თავს ხოაკინ ფენიქსს ვერც კი შევადარებდი. ვისურვებდი, რომ ცოტათი მაინც ვგავდე მას" — ამბობს მსახიობი, რომელმაც ოსკარი უფრო ადრე მიიღო, ვიდრე ხოაკინ ფენიქსმა.

ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი დააფიქსირა კრუელას რეჟისორმა, კრეიგ გილესპიმაც და განაცხადა, რომ ამ ორი ფილმის შედარება უადგილოა:

"კრუელა გაცილებით სასაცილო და იუმორით სავსე იქნება. მას თავისი სიმსუბუქე და რიტმი აქვს, რაც სრულიად განსხვავდება ჯოკერისგან".

შესაძლოა, ეს ორი ფილმი მართლაც არ ჰგავს ერთმანეთს, თუმცა მის შემქმნელებს ნამდვილად ენდომებათ, რომ კრუელამ სულ მინიმუმ ჯოკერის წარმატება მაინც გაიმეორეს: ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით კომიქსის გმირზე გადაღებულმა ფილმა ოსკარის 11 ნომინაცია მოიპოვა, ამავდროულად კი მისმა შემოსავლებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

საკულტო ანიმაციის 101 დალმატინელი ყველასთვის კარგად ნაცნობ პერსონაჟზე გადაღებული ამ დამოუკიდებელი ფილმის პრემიერა 28 მაისსაა დაგეგმილი.