2 აპრილი აუტიზმზე ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. ამ დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოეხმაურა და ტვიტერის საშუალებით მშობლებსა და აღმზრდელებს რამდენიმე რჩევა შესთავაზა.

გთავაზობთ მათ გადმოქართულებულ ვერსიას:

ჩაერთეთ თქვენს შვილთან თამაშში

ფოტო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჩაერთეთ თქვენს შვილთან თამაშში და ყოველდღიურ საქმიანობაში. ამისთვის საჭიროა, ბავშვს შევუქმნათ გარემო, სადაც თავს დაცულად და მშვიდად იგრძნობს. გარემო სადაც არ იქნება ზედმეტი ნივთები, რაზეც ყურადღებას გადაიტანს. უნდა დავაკვირდეთ და მოვუსმინოთ ბავშვს. გავიგოთ რა არის მისი ინტერესების სფერო, როგორ უყვართ მათ თამაში, რისი კეთება სიამოვნებთ და ჩვენც მათთან ერთად ვითამაშოთ, რიგითობის დაცვით. აუცილებელია, რომ ბავშვებს შევთავაზოთ სახალისო აქტივობები და ხშირად შევაქოთ.

თამაშთან ერთად, ეკონტაქტეთ

ფოტო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

გამოიყენეთ ყოველდღიური საქმიანობა კომუნიკაციის შესაძლებლობების შესაქმნელად. ნებისმიერი აქტივობის დროს აუცილებელია შევამჩნიოთ, როდის ცდილობს ბავშვი ჩვენთან კომუნიკაციას და პასუხი გავცეთ მას. უკეთესი იქნება, თუკი კომუნიკაციის დროს სიტყვებთან ერთად ჟესტიკულაციას გამოვიყენებთ. ამავდროულად, ბავშვის მოქმედების რიტმს პატივი უნდა ვცეთ. არ ვცადოთ მათი აჩქარება და მოთმინებით დაველოდოთ მას.

ერთად ჩაერთეთ ყოველდღიურ საქმიანობაში

ფოტო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცი

მოამზადეთ თქვენი შვილი დღისთვის და დაეხმარეთ მას მონაწილეობა მიიღოს ყოველდღიურ საქმიანობაში. იმისთვის რომ ბავშვმა დღის გეგმა კარგად გაიაზროს, კარგი იქნება თუკი ფოტოებს გამოვიყენებთ. თუკი გეგმის შეცვლას გადავწყვეტთ, ის წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ. თუკი ვიგრძნობთ რომ ჩვენც სტრესულ მდგომარეობაში ვართ, პაუზა უნდა ავიღოთ, რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქოთ და შემდეგ ასე გავაგრძელოთ კომუნიკაცია ბავშვთან.

კეთილდღეობა პრიორიტეტად აქციეთ

ფოტო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაც

საკუთარი და თქვენი ბავშვის კეთილდღეობა პრიორიტეტად აქციეთ. აუცილებელია საკუთარ თავზეც იზრუნოთ. გაატარეთ დრო სასიამოვნოდ, მარტო ან მეგობრებთან ერთად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევით, სწორი კვება, ვარჯიში და საკმარისი რაოდენობით ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. დაიმახსოვრეთ, სწორედ ასე აგრძნობინებთ თქვენს ბავშვს, რომ თქვენთვის ის მნიშვნელოვანია.

ნახეთ WHO-ს მხარდამჭერი მესიჯი სრულად:

რა სიტუაცია გვაქვს საქართველოში

რა თქმა უნდა ეს მარტივი და ყოველდღიური რჩევებია, რომლის გათვალისწინებაც შეგიძლიათ. მაგრამ თუკი თვლით რომ თქვენს შვილს სპეციალისტის დახმარება სჭირდება, აუცილებელია დაუკავშირდეთ შესაბამის ორგანიზაციას. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ამ კუთხით მუშაობს არის "პირველი ნაბიჯი".

დღევანდელ დღეს მათ სასიამოვნო სიახლეც გაგვიზიარეს. 2021 წლიდან ხელმისაწვდომი ხდება DIR Floortime ტრენინგსა და პროფესიული სუპერვიზიის მიღება აუტიზმის, ემოციური და ქცევითი სირთულეების მქონე ადრეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე პირებისთვის.

"პირველი ნაბიჯის" საერთაშორისო სერტიფიკატების მქონე თერაპევტები თავიანთ ცოდნას გაუზიარებენ არა მარტო ადგილობრივ თერაპევტებს, არამედ მშობლებსა და ამ თემით დაინტერესებულ სპეციალისტებს. ეს არის არაჩვეულებრივი შანსი, რათა გავზარდოთ ცნობიერება აუტიზმთან დაკავშირებით საქართველოში.