Pfizer-მა და BioNTech-მა ხუთშაბათს ვაქცინის მესამე ფაზაში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. კლინიკურმა კვლევამ დაადასტურა, რომ Pfizer-ის ვაქცინა მეორე დოზის მიღებიდან მინიმუმ ექვსი თვე გვიცავს.

ახალი მონაცემებით, ვაქცინის საერთო ეფექტიანობის მაჩვენებელი 91.3 პროცენტია, რაც დაბალია, ვიდრე ნოემბერში თავდაპირველად დაფიქსირებული 95%. ასევე, აღმოჩნდა, რომ იგი სრულად ეფექტიანია ვირუსის B.1.351 ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში დააფიქსირეს.

ეს შედეგები კომპანიას FDA-ისთვის სალიცენზიო განაცხადების წარდგენის საშუალებას მისცემს.

"შედეგები ჩვენი ვაქცინის ძლიერ ეფექტიანობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ახლა ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ეფექტიანობა გრძელვადიან პერიოდსაც მოიცავს. ასევე, ეს პირველი კლინიკური შედეგია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ვაქცინა ამჟამად მიმოქცევაში მყოფი ვირუსის სხვადასხვა ვარიანტების მიმართაც ეფექტიანია. ეს დაასრულებს გლობალურ პანდემიას!" — განაცხადა BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უღურ შაჰინმა.

ამასთან, სულ ცოტა ხნის წინ, კვლევით გამოვლინდა, რომ 12-15 წლის ბავშვებში Pfizer-ის კოვიდვაქცინა 100%-ით ეფექტიანია.