კატებს ხშირად გადაჭარბებულ თავნებობასა და სიამაყეს კი ვაბრალებთ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ძალიან მზრუნველებიც კი შეიძლება აღმოჩნდნენ.

ინტერნეტში თურქეთის ქალაქ იზმირში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელმაც მალევე მთელი მსოფლიოდან ათასობით ადამიანის გული მოიგო: დედა კატამ საავადმყოფოში ექიმებს კნუტები თავისი პირით მიუყვანა.

ამ ამაღელვებელი შემთხვევის თვითმხილველებიდან, კიდევ კარგი, ვიღაცამ ვიდეოს გადაღება მოახერხა და ჩვენც შეგვიძლია სიტუაციის ამსახველი კადრების ხილვა:

საავადმყოფოს თანამშრომლები დედა კატას უკვე იცნობდნენ, რადგან მას წყალსა და საჭმელს უტოვებდნენ ხოლმე შენობასთან ახლოს, თუმცა არ იცოდნენ, რომ მას კნუტებიც ჰყავდა.

კატის მიერ მოყვანილ კნუტებს მალევე შეატყვეს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ: თვალებს ვერ ახელდნენ და თვალის ინფექცია აღმოაჩნდათ. ვინაიდან, აღნიშნული კლინიკა ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ექიმებმა კონსულტაცია ვეტერინარებთან გაიარეს და ისე უმკურნალეს კნუტებს.

საბოლოოდ, ისინი უკვე დედასთან ერთად თავს მშვენივრად გრძნობენ.

ფოტო: Ulketv