მონაზონი დედა სოსანა და მასთან ერთად მყოფი 68 წლის მორჩილი ნინო ამ წუთებში მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის გარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. მონასტრის შიგნით შესვლის უფლებას მათ პოლიცია არ აძლევს. როგორც დედა სოსანამ On.ge-ს უთხრა, მონასტრის ტერიტორიის დატოვება მიტროპოლიტ სტეფანეს ბრძანებით მათ სამართალდამცავებმა მოსთხოვეს.

"თქვენს სახლში რომ მივიდეს ახლა ვიღაცა და გამოგაგდოთ, ისე მიქნეს. სად წავიდე ამ წვიმაში? 14 წელი მონასტერში ვიცხოვრე, სად მაქვს სახლ-კარი. სად უნდა წავიდე ამ შუაღამისას კომენდანტის საათის დროს გაციებული, გალუმპული, გაყინული.

ჩემთან ერთად არის 68 წლის მორჩილი, რა ვუყო ამ მოხუც ადამიანს, რომელსაც წამლები და ტანსაცმელი მონასტერში აქვს დატოვებული. როგორ უნდა მოვიქცე? ის (მიტროპოლიტი სტეფანე] არის ცრუ ეპისკოპოსი, ცილისმწამებელი, თავხედი ასეთ ეპისკოპოსზე სახარება ამბობს, არ დაემორჩილოთო, როგორ დავემორჩილო, სახარება უარვყო? არ ვაპირებ დამორჩილებას", — ამბობს დედა სოსანა.

მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზონი სოსანა ბოლქვაძე და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა და სინანულისთვის ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განაწესა.

30 მარტს ვიდეო გავრცელდა, სადაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის მონაზონ დედა სოსანას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს. ვიდეოში ეპარქიის ხელმძღვანელი მას ეუბნება: "დავაი რა", "შენ ვინ ხარ? დებილი დედაკაცი", "დააყენე ერთი წუთით".

"იმ გაფუჭებულმა დედაკაცმა რაც თქვა ჩემს ძმებზე ეპისკოპოსებზე, მე გავეცი პასუხი. შენ რატომ უნდა დაგიმტკიცო, ვინა ხარ რომ დაგიმტკიცო. შენ გაინტერესებს არ ნიშნავს, რომ მე შენ უნდა გიმტკიცო. შენ მდუმარედ უნდა იჯდე, ვაბშე და ხმას არ უნდა იღებდე. დავაი, რა...

...რა უბედურება გჭირს, ქალო, დააყენე ერთი წუთით, რა, ეს შენი რაღაცა, რა..." ეუბნება მეუფე სტეფანემ დედა სოსანას.