გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ვაჟა ფშაველას ციტატას ახსენებს. ჯაფარიძემ Facebook-ზე პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც კობახიძემ, ამავე სოციალურ ქსელში, დაწერა, რომ "ნაციონალი, თავისი არსით, არის ანტივაჟა". ის რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის წინააღმდეგ აქციას გამოეხმაურა და სტუმარ-მასპინძლიდან მოიყვანა ციტატა: "დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა". ზურაბ ჯაფარიძემ კი მოიყვანა ციტატა წერილიდან "სადღეისო წერილი მეგობართან".

"ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი. მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა საიდან სადა? ნუთუ რუსეთი არ არის საშიში მეზობელი ჩვენთვის? ნუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა".

რუსი პროპაგანდისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის გამო გამართულ აქციას ირაკლი კობახიძე Facebook-ში ვაჟა-ფშაველაზე მითითებით გამოეხმაურა და დაწერა, რომ "ნაციონალი ვერ იტანს ვაჟას", "ადამიანი, რომელსაც ვაჟა წაკითხული და გაგებული აქვს, ნაციონალი ვერასდროს გახდება" და "ნაციონალი, თავისი არსით, არის ანტივაჟა".

რუსი პროპაგანდისტი საქარველოში — ქეიფი და პროტესტი

რუსი პროპაგანდისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. პოზნერის თქმით, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მას თან რუსული ესტრადის მომღერლები ახლდა.

იმ სასტუმროსთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქეიფობდა, საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ პოზნერის ქვეყანაში შემოშვების გამო და ითხოვდნენ, რომ მას საქართველო დატოვებინა. პროტესტის მიუხედავად, პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქეიფს აგრძელებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია და ქვეყანაში მთავრობის დადგენილების წესების დაცვით შემოვიდა. რაც შეეხება კომენდანტის საათისას სოციალური ღონისძიების გამართვას, შრომის ინსპექციამ ობიექტი დააჯარიმა, ხოლო შსს-ში აცხადებენ, რომ დაჯარიმდნენ სტუმრებიც.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო პროტესტის ფონზე პოლიციის კორდონით დატოვეს. ისინი ავტობუსში Putin Khuilo-ს შეძახილებისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე ავიდნენ.

ამის შემდეგ ისინი სასტუმრო რუმსში გადავიდნენ, სადაც აქტივისტებმაც გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

პოზნერმა ქვეყანა პირველ აპრილს, გამთენიისას დატოვა. ის დაგეგმილზე უფრო ადრე გაფრინდა.

განვითარებულ მოვლენებს ოპოზიცია სამარცხვინოდ აფასებს. პოზნერის ვიზიტს შემაშფოთებელი უწოდა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ. ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი კი ამბობს, რომ პოზნერის ჩამოსვლა "სამწუხარო-სიმბოლური" რეალობის ასახვაა.

ვინ არის ვლადიმერ პოზნერი

ვლადიმერ პოზნერი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული არხის, პერვი კანალის წამყვანია. სხვადასხვა დროს მას ჰქონია გადაცემები, სადაც რუსული ნარატივი ტარდებოდა და განიხილავდნენ, რომ საქართველო ცალკე არაფერს წარმოადგენს და "რუსეთის მშვენებაა", მაგრამ ახლა, როცა დამოუკიდებელია, "საცოდავად" გამოიყურება. ამ აზრს ეთანხმებოდა პოზნერიც.

ამავდროულად, მას აქვს გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. მაგალითად, აგვისტოს ომის დაწყებაში, როცა რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, ის საქართველოს ადანაშაულებდა.

"პირველ რიგში, საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს და არა პირიქით. ეს ყველამ იცის, რომ პირველი სროლები საქართველოს მხრიდან იყო", — ამბობდა ის და ატარებდა კრემლის ნარატივს იმაზე, რომ მათ ჯარებს თბილისამდე ჩასვლა შეეძლოთ, მაგრამ შეჩერდნენ.

გარდა ამისა, პოზნერი ამტკიცებდა, რომ აფხაზები ოცნებობდნენ საქართველოსგან გამოყოფას, რადგან ქართველები მათ დამაკნინებლად ექცეოდნენ.

2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. მაშინ მიზეზად რუსული ტელე-რადიოს განვითარებისთვის გაწეული შრომა დასახელდა.