საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე აცხადებს, რომ წუხანდელი ზღვარგადასული რეაქცია რუსეთიდან ვალუტის შემოდინებას დააზიანებს. კვირიკაშვილის ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"პოზნერის ვიზიტზე — თავშივე ვიტყვი: ჩემთვისაც, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გადაწყვეტილების სუვერენულად მიღების უფლება ხელშეუხებელი ფასეულობაა. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანის შეხედულება თუ გამონათქვამი, რომელიც პროპაგანდირებს საპირისპიროს, მიუღებელია და ისევე აღმაშფოთებელი, როგორც ყველა ქართველი პატრიოტისთვის. ასევე, შეუძლებელია მოიწონო ანტიპანდემიური წესების დემონსტრატიულად დარღვევა. ახლა ცოტა მეტი პრაგმატიზმით შევხედოთ ამ მოვლენას:

არაეკონომისტებისათვის ზედმეტად გავამარტივებ და მიზეზებზე არ შევჩერდები, ვინაიდან პოლიტიზირება შორს წაგვიყვანს — ქართული ვალუტის კურსი ძირითადად იმ 4 მატერიალურ ფაქტორს უჭირავს, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას განაპირობებს:

  • ექსპორტი;
  • უცხოური ინვესტიციები;
  • ფულადი გზავნილები;
  • ტურიზმი.

მეხუთე — არამატერიალური ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სრული დოლარიზაციისგან თავის შეკავებას და ანაბრების მნიშვნელოვანი მასის ეროვნულ ვალუტაში შენახვას, გახლავთ ადამიანების მოლოდინები და ზოგადი ოპტიმიზმის დონე. უცხოურ ინვესტიციებში არსებული მნიშვნელოვანი ჩავარდნის ნაწილობრივ მაინც დასაკომპენსირებლად მთავრობას გააჩნია ერთადერთი მოკლევადიანი ინსტრუმენტი — ტურიზმი, ვინაიდან ექსპორტზე ზეგავლენა მოკლე ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო ფულადი გზავნილების რაოდენობაზე მთავრობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. პრივატიზაციის გზით ინვესტიციების მიღებაც არსებულ სიტუაციაში ურთულესი ამოცანაა. მეხუთე, არამატერიალურ ფაქტორს რაც შეეხება, მოსახლეობის ოპტიმიზმშიც ვერ გვაქვს საქმე კარგად.

დარჩა ტურიზმი, რომლის დაბრუნებაც პანდემიამდელ მაჩვენებელზე გლობალური გამოწვევაა; იმ მწირი დებეტიდან, რაც საქართველოს ტურიზმში შემორჩა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც სახმელეთო საზღვარი გაგვაჩნია. ამ ოთხი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთაგან ტურისტის პროპორციული შემადგენელი ყველაზე მაღალი რუსეთიდან გვაქვს. ეს ყველაფერი მშრალი ფაქტებია.

შესაბამისად, წუხანდელი საღამო და ის ზღვარგადასული რეაქცია, რაც ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს დარჩენილთა შორის ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან უმეტესად სახმელეთო, და ასევე, საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან.

სამწუხაროდ, შედეგი სავალალო იქნება: საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის (არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ ირიბად სარგებლობს) ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება.

პოზნერმა ქვეყანა პირველ აპრილს, გამთენიისას დატოვა. ის დაგეგმილზე უფრო ადრე გაფრინდა. მისი თქმით, დაბადების დღის აღსანიშნად, მეგობრებთან ერთად საქართველოში დარჩენას სამი დღით აპირებდა, თუმცა გეგმები საპროტესტო ტალღამ შეცვალა.

რუსი პროპაგანდისტი საქარველოში — ქეიფი და პროტესტი

რუსი პროპაგანდისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. პოზნერის თქმით, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მას თან რუსული ესტრადის მომღერლები ახლავდა.

იმ სასტუმროსთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქეიფობდა, საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ პოზნერის ქვეყანაში შემოშვების გამო და მოითხოვდნენ, რომ მან საქართველო დატოვოს. პროტესტის მიუხედავად პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქეიფს აგრძელებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია და ქვეყანაში მთავრობის დადგენილების წესების დაცვით შემოვიდა. რაც შეეხება კომენდანტის საათისას სოციალური ღონისძიების გამართვას, შრომის ინსპექციამ ობიექტი დააჯარიმა, ხოლო შსს-ში აცხადებენ, რომ კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისთვის ყველა სტუმარს დააჯარიმებენ.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო პროტესტის ფონზე პოლიციის კორდონით დატოვეს. ისინი ავტობუსში Putin Khuilo-ს შეძახილებისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე ავიდნენ.

ამის შემდეგ ისინი სასტუმრო რუმსში გადავიდნენ, სადაც აქტივისტებმაც გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

განვითარებულ მოვლენებს ოპოზიცია სამარცხვინოდ აფასებს. პოზნერის ვიზიტს შემაშფოთებელი უწოდა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ. ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი კი ამბობს, რომ პოზნერის ჩამოსვლა "სამწუხარო-სიმბოლური" რეალობის ასახვაა.

ვინ არის ვლადიმერ პოზნერი

ვლადიმერ პოზნერი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული არხის, პერვი კანალის წამყვანია. სხვადასხვა დროს მას ჰქონია გადაცემები, სადაც რუსული ნარატივი ტარდებოდა და განიხილავდნენ, რომ საქართველო ცალკე არაფერს წარმოადგენს და "რუსეთის მშვენებაა", მაგრამ ახლა, როცა დამოუკიდებელია, "საცოდავად" გამოიყურება. ამ აზრს ეთანხმებოდა პოზნერიც.

ამავდროულად, მას აქვს გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. მაგალითად, აგვისტოს ომის დაწყებაში, როცა რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, ის საქართველოს ადანაშაულებდა.

"პირველ რიგში, საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს და არა პირიქით. ეს ყველამ იცის, რომ პირველი სროლები საქართველოს მხრიდან იყო", — ამბობდა ის და ატარებდა კრემლის ნარატივს იმაზე, რომ მათ ჯარებს თბილისამდე ჩასვლა შეეძლოთ, მაგრამ შეჩერდნენ.

გარდა ამისა, პოზნერი ამტკიცებდა, რომ აფხაზები ოცნებობდნენ საქართველოსგან გამოყოფას, რადგან ქართველები მათ დამაკნინებლად ექცეოდნენ.

2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. მაშინ მიზეზად რუსული ტელე-რადიოს განვითარებისთვის გაწეული შრომა დასახელდა.