2009 წელს ეკრანებზე Modern Family გამოჩნდა, ამერიკული სიტკომი, რომელმაც ოჯახზე წარმოდგენები შეცვალა და ჩვენი ოჯახების შესახებაც არაერთი სიმართლე გვითხრა. 250 ეპიზოდის განმავლობაში არაერთი სასაცილო თუ სევდიანი ამბავი ვნახეთ. ამ დიდ ოჯახს კი ახალი პერსონაჟები შეემატნენ, ზოგიც გამოაკლდა და ზოგის ცხოვრებაც მოულოდნელი გზით განვითარდა.

ჯეის დიდმა ოჯახმა გრძელი გზა გაიარა და ყველა ოჯახში მიმდინარე ჩვეულებრივი ამბები სულ სხვა ხიბლით დაგვანახა. ეს სტატია იმ 10 სიმართლეზეა, რომელიც Modern Family-მ კიდევ ერთხელ შეგვახსენა.

1. ოჯახი მხოლოდ სისხლით ნათესაობა არ არის

ფოტო: abc

ამ დიდი ოჯახის ყველა პერსონაჟს სიყვარული აკავშირებს და ის სისხლით ნათესაობით სულაც არ არის დასაზღვრული. ოჯახის წევრი ხომ ის ადამიანია, რომელიც თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გაგრძნობინებს, ანუ გახვედრებს, რომ სახლში ხარ. მენის და ჯეის მამაშვილობა და კემის, მიჩის და ლილის ურღვევი კავშირიც ამის ნათელი მაგალითია.

2. უპირობო სიყვარული მარადიულია

ფოტო: abc

ყველა შეცდომის მიტევება, ეჭვების, მცირედი შურის თუ გაღიზიანების მიუხედავად, ერთმანეთის სიყვარული და ჭირში თუ ლხინში ერთმანეთის გვერდით დგომაც თანამედროვე ოჯახის დამახასიათებელი ნიშნებია. გლორიას და კლერის პრობლემური ურთიერთობა, ჯეის და ფილის მუდმივი "შუღლიც" ხომ უბრალოდ გაუგებრობების ბრალია, მათი ურთიერთსიყვარული კი სერიალის არაერთ ეპიზოდში მტკიცდება.

3. ერთმანეთის პირად სივრცეს მუდმივად ვარღვევთ

ფოტო: abc

ოჯახის წევრების მიმართ ზედმეტი დამცველობის შეგრძნება გვაქვს, ეს უფრო ხშირად მშობლებს ახასიათებთ. ამის გამო პირად სივრცეს ხშირად არ ვუფრთხილდებით, თუმცა გულის სიღრმეში ვხვდებით კიდეც, რომ არასწორად ვიქცევით. Modern Family-შიც ასე ხდება: გლორია მენის მეგობარ გოგოებზე ეჭვიანობს, რადგან მენის გრძნობების დაცვა და კავშირის შენარჩუნება უნდა, კლერი და ფილი კი არცერთ შვილს აცდიან თანატოლებთან ფლირტს, მაგრამ საბოლოოდ საკუთარ შეცდომას აღიარებენ და საზღვრების დაცვასაც ცდილობენ.

4. რომანტიკა წლებთან ერთად (არ) ნელდება

ფოტო: abc

ფილის და კლერის კრახით დასრულებული არაერთი პაემანი, მათი რომანტიკული, თუმცა დაუდევარი, მუდამ უხერხული მომენტების შემქმნელი ალტერეგოები გაფიქრებინებთ, რომ მათ შორის არსებული რომანტიკა წლებმა გაანელა, მაგრამ ეს ასე არ არის. რომანტიკა არ ნელდება, ის ფორმას იცვლის და ბევრად მარტივ დეტალებში გამოვლინდება ხოლმე. ერთი შეხედვით ნაკლებრომანტიულ კლერს ფილის შეშინებაზე მეტად არაფერი უყვარს, რაც სიყვარულის აშკარა დადასტურებაა.

P.S. ჯეიმ კი სტელას ინსპირაციით ძაღლების საწოლების ბიზნესი დაიწყო, განა არსებობს რომანტიკის ამაზე აშკარა დადასტურება?!

5. ყველას გვყავს ოჯახის ფავორიტი წევრები

ფოტო: abc

დედა უფრო გიყვარს თუ მამა? — ამ კითხვის პასუხი ორივე თითქმის არასდროს არ არის. არიან ოჯახის წევრები, რომლებიც განსაკუთრებით გვიყვარს, რადგან მათთან მარტივად ვიხსნებით, სიმშვიდეს გვანიჭებენ ან საუკეთესო დროს ვატარებთ. ფილის და ლუკის კავშირი განსაკუთრებით მყარია, კემის და გლორიას მეგობრობასაც არაფერი შეედრება, ლექსი და ჰეილი კი ის კატა-თაგვი არიან, რომელთაც ერთად ყოფნას არაფერი ურჩევნიათ.

6. ურთიერთპატივისცემას დამსახურება სჭირდება

ფოტო: abc

მიჩის და ჯეის მამაშვილობამ გრძელი გზა გაიარა, მაგრამ სერიალში მიმდინარე სიუჟეტმა მათი ფაქიზი ურთიერთობა არაერთხელ დაადასტურა. მიუხედავად იმის, რომ ჯეი ტოლერანტულ გარემოში არ იყო გაზრდილი, შვილი უპირობოდ მიიღო, მიჩმა კი მამის მცდელობა დააფასა, რამაც მათი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ყველა ოჯახური კავშირი ერთმანეთის გადაწყვეტილებების პატივისცემით მყარდება. მთავარია ერთმანეთთან ღიად საუბრის არ მოგვერიდოს, ან არ შეგვეშინდეს.

7. უნაკლო ოჯახი არ არსებობს

ფოტო: abc

კლერის დიდი სურვილის მიუხედავად, მის ოჯახს მრავალი ნაკლოვანება აქვს, მაგრამ სწორედ ეს ნაკლოვანებები აქცევს ყველა ოჯახს განსაკუთრებულად. ოჯახი ერთმანეთის ნაკლოვანებებს ავსებს და კავშირს ეს კიდევ უფრო აძლიერებს: ალექსი ოჯახის გონებაა, კლერი კი პრაქტიკული ადამიანია, მენი ხელოვანია, გლორიას კი ოჯახის დაცვა გამოსდის.

8. გულისტკენა კიდევ უფრო გვაახლოებს

ფოტო: abc

ყოველი გულისტკენა და გაურკვევლობა საუბრით მთავრდება, თუ ოჯახის წევრები ურთიერთობებზე ჯანსაღად ფიქრობენ. საუბარი კი განკურნების საშუალებაა, რადგან ამ დროს ერთმანეთის განცდებს ნათლად ვაფასებთ. მიჩის და კემის ყოველი ჩხუბი ერთმანეთის პოზიციის გააზრებით სრულდება, რაც მათი ჰარმონიული ოჯახის რეცეპტია.

9. მუდამ ერთად ყოფნას ვერ შევძლებთ

ფოტო: abc

ოჯახის ყველა წევრს საკუთარი ცხოვრება აქვს. მუდმივად ვვითარდებით, ინტერესებიც გვეცვლება, შეიძლება ცხოვრებამ სამყაროს სხვადასხვა წერტილში გადაგვისროლოს, ერთმანეთთან ხშირი კავშირი მუდამ ვერ გვექნება, მაგრამ მთავარი ერთმანეთის სიყვარული და დროის გამონახვაა, მერე რა, რომ ერთმანეთის ყოველდღიურად ნახვას ვერ შევძლებთ.

10. ყველა ოჯახი ერთმანეთს ჰგავს

ფოტო: abc

თანამედროვე ოჯახი არც ისე თანამედროვეა, ისინი ოჯახის მნიშვნელობას გარკვეულწილად ცვლიან. მაგრამ, ჩვენს ოჯახშიც ხომ მრავალი ნაკლოვანებაა, ერთმანეთს გულს ვტკენთ, სხვის ცხოვრებაში ვიჭრებით, ზედმეტად ბევრს ვღელავთ და გულიანად ვიცინით. თუ მეტად გავიხსნებით, კიდევ უფრო დიდ ჯადოსნურ ამბებს აღმოვაჩენთ, რაც კიდევ უფრო მყარი ოჯახის საფუძველი გახდება.

ამავე თემაზე:

  1. ტესტი: Modern Family-ს რომელი პერსონაჟი ხარ?