მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია იმ წრიდან ჰქონდა, ვინც მას მასპინძლობდა. ამის შესახებ მან გადაცემა კომენტარში ისაუბრა.

"კობახიძეზე ბევრი დროის დახარჯვას არ ვაპირებ. მთავარია, სახელმწიფო როგორ იქცევა მთლიანად. ინფორმაცია მქონდა იმ ფართო წრიდან, რომელიც მასპინძლობდა [პოზნერს]. ჩემი მიზანი არ ყოფილა იმ ქართველების გაშავება, ვინც მასპინძლობდა, იმ ადამიანების დამუნათება. ეს არაა ჩემი საქმე, მორალი ვუკითხო ვინმეს და თავს მოვახვიო ჩემი წარმოდგენა სახელმწიფოს ღირსებაზე. პრეტენზია მაქვს მთავრობასთან, რომელსაც მივმართე კონკრეტული არგუმენტებით, რომ პრობლემა იქნება ამ კაცის შემოშვება", — განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, მთავრობას ჰქონდა საშუალება, არ შემოეშვა პოზნერი და კანონზეც მიუთითეს.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასა და მის მიერ ე.წ. კომენდანტის წესების დარღვევას აპროტესტებდნენ, თავად აკეთებენ "რუსულ საქმეს საქართველოში".

მან დაასახელა კონკრეტული აქტივისტები და პოლიტიკოსები, რომლებსაც "აგენტურა" უწოდა და "საფუძვლიანი ეჭვი" გამოთქვა, რომ ისინი რუსეთის აგენტები არიან.

რუსი პროპაგანდისტი საქარველოში — ქეიფი და პროტესტი

რუსი პროპაგანდისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. პოზნერის თქმით, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მას თან რუსული ესტრადის მომღერლები ახლავს.

იმ სასტუმროსთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქეიფობდა, საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ პოზნერის ქვეყანაში შემოშვების გამო და მოითხოვდნენ, რომ მან საქართველო დატოვოს. პროტესტის მიუხედავად პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქეიფს აგრძელებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია და ქვეყანაში მთავრობის დადგენილების წესების დაცვით შემოვიდა. რაც შეეხება კომენდანტის საათისას სოციალური ღონისძიების გამართვას, შრომის ინსპექციამ ობიექტი დააჯარიმა, ხოლო შსს-ში აცხადებენ, რომ კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისთვის ყველა სტუმარს დააჯარიმებენ.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო პროტესტის ფონზე პოლიციის კორდონით დატოვეს. ისინი ავტობუსში Putin Khuilo-ს შეძახილებისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე ავიდნენ.

ამის შემდეგ ისინი სასტუმრო რუმსში გადავიდნენ, სადაც აქტივისტებმაც გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

პოზნერი სამ აპრილამდე დარჩენას გეგმავდა, თუმცა მისი ვიზიტი დროზე ადრე დასრულდა. დილით ადრე მან, თანმხლებ პირებთან ერთად საქართველო დატოვა.

მოსკოვში ჩასვლისას პოზნერმა განაცხადა, რომ თბილისში არავინ დაუჯარიმებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით ტელეწამყვანის საჯარიმო ქვითარი გაასაჯაროვა.

გაიგეთ ვინ რა თქვა მომხდარზე:

ვინ არის ვლადიმერ პოზნერი

ვლადიმერ პოზნერი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული არხის, პერვი კანალის წამყვანია. სხვადასხვა დროს მას ჰქონია გადაცემები, სადაც რუსული ნარატივი ტარდებოდა და განიხილავდნენ, რომ საქართველო ცალკე არაფერს წარმოადგენს და "რუსეთის მშვენებაა", მაგრამ ახლა, როცა დამოუკიდებელია, "საცოდავად" გამოიყურება. ამ აზრს ეთანხმებოდა პოზნერიც.

ამავდროულად, მას აქვს გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. მაგალითად, აგვისტოს ომის დაწყებაში, როცა რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, ის საქართველოს ადანაშაულებდა.

"პირველ რიგში, საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს და არა პირიქით. ეს ყველამ იცის, რომ პირველი სროლები საქართველოს მხრიდან იყო", — ამბობდა ის და ატარებდა კრემლის ნარატივს იმაზე, რომ მათ ჯარებს თბილისამდე ჩასვლა შეეძლოთ, მაგრამ შეჩერდნენ.

გარდა ამისა, პოზნერი ამტკიცებდა, რომ აფხაზები ოცნებობდნენ საქართველოსგან გამოყოფას, რადგან ქართველები მათ დამაკნინებლად ექცეოდნენ.

2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. მაშინ მიზეზად რუსული ტელე-რადიოს განვითარებისთვის გაწეული შრომა დასახელდა.