მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი, გაზეთ რეზონანსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ პროკურორს არ უხსენებია პატრიარის მკველობის მომზადება. მისივე თქმით, არც ის დადგენილა გამოძიებით, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა იგეგმებოდა.

სუხიაშვილის თქმით, საზოგადოებამ აიტაცა იმ პირის ციტატა, რომელმაც მისივე თქმით, პროკურატურას ინფორმაცია მიაწოდა, თითქოს "დეკანოზს უნდოდა მეოხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა".

პროკურატურის განმარტებით, მთავარია ის რაც გამოძიებამ დაადგინა და არა წყაროს ციტირება:

"ბრიფინგზე მთავარ პროკურორს ჰკითხეს, იყო თუ არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ილია მეორე, ირაკლი შოთაძემ უპასუხა რომ - არა მე პატრიარქი არსად მიხსენებია. ჩვენს პრესრელიზში თუ კარგად წაიკითხავთ, წერია, რომ განმცხადებელმა, რომელიც პროკურატურაში მოვიდა, უნდოდა მეოხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ ციტატა მისი განცხადებიდან მოვიყვანეთ, თორემ უკვე მეოთხე აბზაცში წერია ის რაც გამოძიებით დადგინდა - ანუ იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა პატრიარქის გარემოცვიდან და აქ საუბარი არ არის მაღალი იერარქიის წარმომადგენელზე. უბრალოდ განცხადება კარგად არის წასაკითხი. "გამოძიებით დადგინდა"-ში რაც წერია, ეს არის მნიშვნელოვანი".

რეზონანსის კითხვაზე, თუ რის საფუძველზე ისაუბრეს პოლიტიკოსებმა პრემიერზე, ნათია სუხიაშვილმა უპასუხა, რომ ეს პროკურატურის ბრალი არ არის:

"მესმის, მაგრამ ეს (ჩვენი) უწყების ბრალი ნამდვილად არ არის. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ. ვისზეა საუბარი, მე არ ვიცი. მე ვხელმძღვანელობ იმით, რაც მთავარმა პროკურორმა თქვა და რაც ოფიციალურად გვაქვს გაცხადებული".

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებით, "აღკვეთილია ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული და ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა".

პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის უსაფრთხოების კუთხით ეფექტიანი ზომები გატარდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი წერია:

"შეშფოთებული ვარ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა".