ვლადიმერ პოზნერის ვიზიტით გამოწვეული პროტესტის გამო კრემლი ამტკიცებს, რომ საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხისშემცველია. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"საქართველო საშიშია რუსეთის მოქალაქეებისთვის. იქ ჩასვლა უბრალოდ საშშა და ეს რუსებმა კარგად უნდა გაიგონ", — თქვა მან.

რუსული სააგენტოს, Ria-ს ინფორმაციით, მან ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი არ აფასებს მომხდარს მხოლოდ ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ გამართულ აქციად. გარდა ამისა, მან აქციის მონაწილეები გაკრიტიკა და ექსტრემისტულად განწყობილი ნაციონალისტები უწოდა.

სხვადასხვა დროს სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ არაერთხელ აღნიშნა, რომ პროტესტი არ არის მიმართული რუსეთის მოქალაქეებისა და ტურისტების წინააღმდეგ და მისი სამიზნეები კრემლის პროპაგანდისტები არიან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ.

რუსი პროპაგანდისტი საქარველოში — ქეიფი და პროტესტი

რუსი პროპაგანდისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. პოზნერის თქმით, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მას თან რუსული ესტრადის მომღერლები ახლავს.

იმ სასტუმროსთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქეიფობდა, საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ პოზნერის ქვეყანაში შემოშვების გამო და მოითხოვდნენ, რომ მან საქართველო დატოვოს. პროტესტის მიუხედავად პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქეიფს აგრძელებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია და ქვეყანაში მთავრობის დადგენილების წესების დაცვით შემოვიდა. რაც შეეხება კომენდანტის საათისას სოციალური ღონისძიების გამართვას, შრომის ინსპექციამ ობიექტი დააჯარიმა, ხოლო შსს-ში აცხადებენ, რომ კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისთვის ყველა სტუმარს დააჯარიმებენ.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო პროტესტის ფონზე პოლიციის კორდონით დატოვეს. ისინი ავტობუსში Putin Khuilo-ს შეძახილებისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე ავიდნენ.

ამის შემდეგ ისინი სასტუმრო რუმსში გადავიდნენ, სადაც აქტივისტებმაც გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

პოზნერი სამ აპრილამდე დარჩენას გეგმავდა, თუმცა მისი ვიზიტი დროზე ადრე დასრულდა. დილით ადრე მან, თანმხლებ პირებთან ერთად საქართველო დატოვა.

გაიგეთ ვინ რა თქვა მომხდარზე:

ვინ არის ვლადიმერ პოზნერი

ვლადიმერ პოზნერი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული არხის, პერვი კანალის წამყვანია. სხვადასხვა დროს მას ჰქონია გადაცემები, სადაც რუსული ნარატივი ტარდებოდა და განიხილავდნენ, რომ საქართველო ცალკე არაფერს წარმოადგენს და "რუსეთის მშვენებაა", მაგრამ ახლა, როცა დამოუკიდებელია, "საცოდავად" გამოიყურება. ამ აზრს ეთანხმებოდა პოზნერიც.

ამავდროულად, მას აქვს გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. მაგალითად, აგვისტოს ომის დაწყებაში, როცა რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, ის საქართველოს ადანაშაულებდა.

"პირველ რიგში, საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს და არა პირიქით. ეს ყველამ იცის, რომ პირველი სროლები საქართველოს მხრიდან იყო", — ამბობდა ის და ატარებდა კრემლის ნარატივს იმაზე, რომ მათ ჯარებს თბილისამდე ჩასვლა შეეძლოთ, მაგრამ შეჩერდნენ.

გარდა ამისა, პოზნერი ამტკიცებდა, რომ აფხაზები ოცნებობდნენ საქართველოსგან გამოყოფას, რადგან ქართველები მათ დამაკნინებლად ექცეოდნენ.

2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. მაშინ მიზეზად რუსული ტელე-რადიოს განვითარებისთვის გაწეული შრომა დასახელდა.