2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის თანახმად, ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების რაოდენობა კვლავ მაღალია. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა გამოვლინდა. ომბუდსმენის ანგარიშში წერია, რომ ამის მიუხედავად, უშუალოდ ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა მომსახურების მიზნობრივი სახელმწიფო სერვისი სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუნერგავს.

"საანგარიშო პერიოდში, მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე არაეფექტიანი რეაგირება. კვლავ პრობლემურია ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, რისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების კადრების დროულ გაზრდას აქვს", — ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ მათი ამჟამინდელი რაოდენობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 268 სოციალური მუშაკითა და 12 ფსიქოლოგით შემოიფარგლება, რომელთაც მუშაობა სხვადასხვა პრობლემის მქონე ათასობით არასრულწლოვანთან უწევთ.

"გამოწვევად რჩება ასევე, ბავშვთა სუიციდის პრევენცია. 2020 წელს არასრულწლოვანთა სუიციდის 14, ხოლო სუიციდის მცდელობის 54 შემთხვევა აღირიცხა. თუმცა, პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, სახელმწიფოს მისი აღმოფხვრისკენ მიმართული კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ შეუმუშავებია", — ნათქვამია ანგარიშში.

საანგარიშო პერიოდში, პრობლემები გამოიკვეთა დისტანციური სწავლების პროცესშიც. ოჯახებისთვის სათანადო ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გარეშე, დისტანციური სწავლების რეჟიმზე ხანგრძლივად გადასვლამ, ბავშვების ნაწილის განათლების უფლების დაცვის საკითხი რისკის ქვეშ დააყენა, რაც განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებსა და სიღარიბეში მცხოვრებ არასრულწლოვნებთან მიმართებით წარმოჩინდა.

"ამასთან, ქვეყანაში პრობლემად რჩება მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის მაღალი მაჩვენებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიამ მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საქართველოში, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვიანი ოჯახების რიცხვი 71 766-დან 87 527-მდე, აღნიშნულ პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანი ბენეფიციარების რიცხვი კი, 152 353-დან 186 131-მდე გაიზარდა", — წერია სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში.

დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია, რომ სიღარიბის, ცხოვრების არასათანადო დონის, უგულებელყოფისა თუ სხვა სოციალური ფაქტორის გამო, ბავშვებს, მათი ასაკისა და განვითარებისათვის საფრთხის შემცველ სამუშაოში ჩართვა უწევთ, რაც არასრულწლოვანთა მიერ სკოლის მიტოვებასა და სისტემურ გაცდენებს იწვევს.

"სეზონურ სამუშაოებში, შინამეურნეობებსა და საზღვარგარეთ დროებითი შრომითი მიგრაციის დროს, არასრულწლოვნები საგაკვეთილო პროცესში ჩართულნი არ არიან. ამ პერიოდში ბავშვები თავიანთი ასაკისა და ფიზიკური განვითარებისათვის შეუსაბამოდ მძიმე სამუშაოებს ასრულებენ, უხდებათ დატვირთული გრაფიკით არაჯანსაღ გარემოში მუშაობა; ხშირად ასევე არ აქვთ სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები, მოუწესრიგებელი აქვთ კვების, ძილის, დასვენების რეჟიმი. საყურადღებოა, რომ ეფექტიანად არ ხდება ყველა ასეთი ფაქტის გამოვლენა და მათზე რეაგირება.

აღსანიშნავია ისიც, რომ კორონავირუსის პირობებში, განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები", — ვკითხულობ ომბუდსმენის ანგარიშში.

486 გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რელიგიურ სკოლა-პანსიონებში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მონიტორინგის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება.

"საყურადღებოა ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის შემთხვევა, რომლის წარმომადგენლობა სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია, რაც უკიდურესი საფრთხის ქვეშ აყენებს პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის საკითხს და პანსიონებში ისედაც მაღალი ხარისხით არსებული ინსტიტუციური ძალადობის რისკს ზრდის", — ნათქვამია ანგარიშში.