2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანია, ცალკეულ პროექტებთან მიმართებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები ეფექტიანად აღსრულდეს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ თვალსაზრისით, საანგარიშო წელს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების საგანი ნამახვანჰესის კასკადის პროექტი იყო.

"ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი იმ სისტემური პრობლემების ნათელი ილუსტრაციაა, რომელზეც სახალხო დამცველი და სფეროს ექსპერტები უკვე წლებია მიუთითებენ. მოსახლეობის, სპეციალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთებისა და უწყვეტი პროტესტის საგანს, უმთავრესად, ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში გეოლოგიური და სეისმური რისკები, მეწყრულ ზონებთან დაკავშირებული საფრთხეები, მოსალოდნელი მიკროკლიმატური ცვლილებები წარმოადგენს, რაც საერთო ჯამში, საზოგადოებაში ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინს აჩენს", — წერია დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, გარდა ამისა, კითხვებს ბადებს განსახორციელებელი პროქტის ეკონომიკურ-ენერგეტიკული სარგებლიანობაც. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვაც პრობლემურად წარიმართა, რამაც პროექტისადმი საზოგადოების უნდობლობა კიდევ უფრო გააღრმავა.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან როგორც ადგილობრივები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები.

ნამახვანჰესის კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს და ორ ჰესს მოიცავს, ქვემო და ზემო ნამახვანჰესს. ორივე ჰესი ერთად 433 მგვტ სიმძლავრის იქნება. პროექტი 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ კასკადი ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ჟონეთში ოთხი თვეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაა ნაჩვენები ნამახვანჰესის სიკეთეები და მეტი კომუნიკაციაა საჭირო.