2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა.

"პანდემიის ფონზე, ლგბტ+ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევების გართულების მიუხედავად, მათი სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში გათვალისწინებული არ ყოფილა", — წერია ანგარიშში.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებადამცველების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული გამოწვევები კვლავ აქტუალურია. მაგალითისთვის რადიკალური ჯგუფების მხრიდან თბილისი პრაიდის ოფისზე თავდასხმების ფაქტები და ოფისიდან დროშის ქურდობის შემთხვევა მოჰყავთ.

ანგარიშში საუბარია, ასევე, 2020 წლის განმავლობაში რწმენისა და რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ ძირითად გამოწვევებზე, მათ შორის:

  • არადომინანტურ რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებით საგადასახადო და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონმდებლობის დისკრიმინაციული ნორმებზე;
  • საკუთრების უფლებით სარგებლობის პროცესში რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული დაბრკოლებებზე;
  • სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებსა და მათ ირგვლივ სახელმწიფოს მიერ წარმოებული გამოძიების არაეფექტიანობაზე;
  • რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები და შრომის კანონმდებლობაში რელიგიურ დღესასწაულებთან მიმართებით არსებული უთანასწორო მიდგომა.

ასევე, მიმოხილულია პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების მიმართ გამოვლენილი უთანასწორო მოპყრობის ფაქტები და 2020 წლის განმავლობაში საჯაროდ გაკეთებული ანტისემიტური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო წლის განმავლობაში რელიგიური მრავალფეროვნების, ტრადიციებისა და რელიგიის თავისუფლების პრინციპების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და რელიგიური ნიშნით უთანასწორობის სისტემური პრაქტიკის აღმოფხვრისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფოს კვლავ არ გადაუდგამს.