2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ომბუდსმენის წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ პანდემიით გამოწვეული ობიექტური დაბრკოლებების მიღმა, მთავრობის მიერ დაწესებული მკაცრი რეგულაციები სხვადასხვა ჯგუფს უთანასწოროდ მიემართებოდა. ქვეყანაში არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ კი თანასწორობის უფლების ეფექტიან რეალიზებაზე უარყოფითი გავლენა იქონია.

"თანასწორუფლებიანობის მხრივ ყველაზე მეტი დაბრკოლება ამ საანგარიშო პერიოდშიც ქალებს, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ლგბტ+ თემის წევრებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექმნებოდათ", — აცხადებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 113 ახალი შემთხვევა განიხილა, საიდანაც 18% სქესის/გენდერის, 9% კი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას შეეხებოდა.

ამასთან, განსხვავებული მოსაზრების და პოლიტიკური შეხედულების გამო უთანასწორო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მომართვიანობის მაჩვენებელმა 12% და 9% შეადგინა.

"შრომითი ურთიერთობები დისკრიმინაციის მიმართ ამ საანგარიშო პერიოდშიც ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი სფერო იყო. დისკრიმინაციის ფაქტები გამოვლინდა ჟურნალისტების მიმართაც", — ვკითხულობთ წლიურ ანგარიშში.

დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია, რომ სექსუალური შევიწროების პრობლემა ამ დრომდე გამოწვევად რჩება, რომელიც, ძირითადად, დასაქმების ადგილას და სამედიცინო მომსახურების მიღებისას ვლინდებოდა.