ბაჩანა შენგელიას განცხადებით, სასამართლომ იუსიტციის სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის საქმიანობის შეჩერების შესახებ უკანონოდ სცნო და ზიანის სახით 12 800 ლარის ანაზღაურება დააკისრა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე დაწერა.

"მიმაჩნია, რომ საქმიანობის შეჩერება იყო იმ დევნის კამპანიის გაგრძელება, რაც ჩემი ოჯახის მიმართ ხორციელდება და რასაც დედაჩემის სიცოცხლე შეეწირა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამიტომ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, აღნიშნული თანხა ჩაირიცხება ია კერზაიას სახელობის, განათლების განვითარების ფონდში, რომელიც 2019 წელს დავაფუძნეთ და ფონდის მეშვეობით მოხმარდება იას უსაყვარლეს საქმეს — ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეების განათლების ხელშეწყობას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", — წერს ის.

აღნიშნულზე On.ge საქალაქო სასამართლოსაც დაუკავშირდა. მათ დაგვიდასტურეს, რომ დაკმაყოფილდა შენგელიას სარჩელი ზიანის ანაზღაურებისთვის თანხის დაკისრების შესახებ.

2020 წლის 21 ივლისს თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ შენგელია "ნაციონალების მიერ დატოვებული ნოტარიუსთა პალატის" თავმჯდომარე იყო და თანამდებობიდან მისი ძალისხმევით გათავისუფლდა.

წულუკიანის ამ განცხადებას წინ უძღოდა ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერება. 29 ივნისს შენგელიამ გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წერილი, სადაც წერია, რომ ნოტარიუსად მუშაობა პოლიტიკური შეფასებების გამო შეუზღუდეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შენგელიას ფეისბუქს ერთი თვის განმავლობაში ამოწმებდნენ, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ ის "ახორციელებდა მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდა პოლიტიკურ შეფასებებს".

თუმცა პირველ ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას საჩივრის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს მისთვის სანოტარო საქმიანობის აღდგენა დაავალა. თავდაპირველად წულუკიანის უწყება სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებდა, 15 ივლისს კი შენგელიას სანოტარო საქმიანობა აღუდგინეს. შენგელია აპირებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და შემზღუდავი ნორმა გააპროტესტოს.