სახალხო დამცველის შეფასებით, გიორგი რურუას მიმართ, 2020 წლის 3 იანვარს პენიტენციურ დაწესებულებაში, ადვოკატის დაუსწრებლად ჩატარებულმა იძულებითმა საგამოძიებო მოქმედებამ დაარღვია მისი დაცვის უფლება, რაც, საგამოძიებო ორგანოებს, არ შეუსწავლიათ. ამის შესახებ ომბუდსმენის 2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს უფლების კონტექსტში განხილულია საქმეები, სადაც მართლმსაჯულების პროცესი არსებითი ხარვეზებით მიმდინარეობდა/მიმდინარეობს. მაგალითისთვის ნინო ლომჯარიას ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმე მოჰყავს. მისი თქმით, ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება, შეუსაბამო კვალიფიკაციითა და უჩვეულოდ დიდი დროით გაჭიანურდა, რამაც მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალა და საბოლოოდ საქმის ფიგურანტი ერთ-ერთი ბრალდებულის გამამართლებელი განაჩენით დასრულდა.

"გიორგი რურუას მიმართ, 2020 წლის 3 იანვარს პენიტენციურ დაწესებულებაში, ადვოკატის დაუსწრებლად ჩატარებულმა იძულებითმა საგამოძიებო მოქმედებამ დაარღვია მისი დაცვის უფლება, რაც, საგამოძიებო ორგანოებს, სამწუხაროდ, არ შეუსწავლიათ. სახალხო დამცველმა, ასევე, შეისწავლა საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტი და შეაფასა ამ საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება", — განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამოვლენილი ხარვეზებია — კანონიერების პრინციპის ხელყოფის პრობლემა და მართლმსაჯულების პოლიტიკური ან სხვა მიზნებით გამოყენების რისკი.