2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის მიხედვით, არასათანადო მოპყრობის არაეფექტური გამოძიებების შემთხვევები კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება.

წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე ომბუდსმენს ამის მაგალითად, არასრულწლოვანი ლუკა სირაძისა და მარნეულის ყოფილი მერის საქმეები მოჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა სირაძის საქმეზე პასუხისგებაში პოლიციის ერთი თანამშრომელი მიეცა, სახალხო დამცველის შეფასებით, საქმეში რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება არსებობს, რომელიც, შესაძლოა, სხვა პირთა მიერ, კერძოდ, პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე მიუთითებდეს.

"მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გარემოებების დამატებით შესწავლის მოთხოვნით სახალხო დამცველმა პროკურატურას მიმართა, უწყებამ ჩვენი წინადადება არ გაიზიარეს და აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება არ აწარმოა", — განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით საგანგაშო, საგულისხმო და შემაშფოთებელი იყო 2020 წელს თემურ აბაზოვის საქმე, რომელსაც ბრალი მოქალაქის არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებასა და ამ ქმედების ამსახველი კადრების საჯარო გავრცელების ორგანიზებაში ედებოდა.

"პროკურატურამ სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზე წარდგენილი ორი მძიმე ბრალიდან ერთი — კადრების გავრცელების ორგანიზება თემურ აბაზოვს დაუსაბუთებლად მოუხსნა, რითიც სასამართლოს წაართვა დანაშაულზე მსჯელობის შესაძლებლობა და ფაქტობრივად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ხელი შეუწყო", — აღნიშნა ლომჯარიამ.

ომბუდსმენმა ანგარიშის პრეზენტაციის დროს, ასევე, განაცხადა, რომ პენიტენციური სისტემის უმთავრეს პრობლემას კვლავ არაფორმალური მმართველობა წარმოადგენს.