2020 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიშის მიხედვით, პენიტენციური სისტემის უმთავრეს პრობლემას კვლავ არაფორმალური მმართველობა წარმოადგენს.

486 გვერდიანი ანგარიშის პრეზენტაცია სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გააკეთა. ომბუდსმენის თქმით, 2020 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა 2015-17 წლებში პატიმართა გარდაცვალების 17 შემთხვევა შეისწავლა. მისივე თქმით, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ დგინდება, რომ პატიმრებს სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდათ, რომელთაც პენიტენციური დაწესებულებაში არ მკურნალობდნენ. სამწუხაროდ, გამოძიება მხოლოდ გარდაცვალების საბოლოო მიზეზებით ინტერესდებოდა და არ იკვლევდა უტარდებოდათ თუ არა, ან რატომ არ უტარდებოდათ პატიმრებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება სიცოცხლეში.

"წინა წლების მსგავსად პენიტენციური სისტემის უმთავრეს პრობლემას არაფორმალური მმართველობა წარმოადგენს, რომელიც ძალადობრივ გარემოს ქმნის და პატიმართა ძალიან დიდ რაოდენობაზე ზეგავლენას ახდენს", — აცხადებს ლომჯარია.

სახალხო დამცველი, ასევე, არასათანადო მოპყრობად აფასებს პატიმართა დეესკალაციისა და სამარტოო საკანში დიდი პერიოდით, ხშირად დაუსაბუთებლად მოთავსების პრაქტიკას.

ომბუდსმენს, ასევე მიაჩნია, რომ არასათანადო მოპყრობას უტოლდება ის საცხოვრებელი პირობები, რომლებშიც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებს ცხოვრება და მკურნალობა უწევთ.