ურანიდან მომავალი უჩვეულო რადიაცია მეცნიერებმა პირველად დააფიქსირეს, თუმცა, მზის სისტემის ციური სხეულებისთვის ეს გამოსხივება სულაც არაა უჩვეულო. კვლევა, რომელიც 31 მარტს Journal of Geophysical Research: Space Physics-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებს შეიძლება მზის სისტემის ამ ყველაზე რთულად შესასწავლი პლანეტის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმაროს.

მოხსენების მიხედვით, აქამდე მეცნიერებმა მზის სისტემის ყველა პლანეტაზე დააფიქსირეს რენტგენის გამოსხივება და მათ რიცხვს ახლა ურანიც მიემატა. ამ აღმოჩენის შემდეგ, ერთადერთი პლანეტა, სადაც ეს გამოსხივება ჯერ არ შემჩნეულა, ურანის მეზობელი ყინულის გიგანტი — ნეპტუნია.

აღმოჩენა მეცნიერების საერთაშრისო გუნდს ეკუთვნის, რომელიც აერთიანებს მკვლევრებს ჰარვარდ-სმიტსონიანის ასტროფიზიკის ცენტრიდან, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან და კოსმოსის ასტრონომიის ევროპული ცენტრიდან. ახლა მათი მიზანი იმის შესწავლაა, თუ საიდან წარმოიშვა ეს გამოსხივება.

კვლევის შესახებ გავრცელებული პრეს რელიზის მიხედვით, რენტგენის სხივები, შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე წყაროდან მოდიოდეს. მათი წარმოშობის მიზეზი შესაძლოა, ურანის ზედა ატმოსფეროს დამუხტული ნაწილაკების ურთიერთქმედებაა ან მზიდან წამოსულ ნაწილაკებთან, ან ურანის სარტყლებთან. აღნიშნულის გასარკვევად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

პლანეტის მაგნიტური ველის მოქმედებით, რენტგენის სხივები პლანეტაზე, სავარაუდოდ, კაშკაშა სინათლედ იქცევიან, სადაც მაღალენერგეტიკული ნაწილაკების მოქმედებით იმაზე ბევრად უფრო კომპლექსური და ქაოტური პოლარული ნათებები იქმნება, ვიდრე დედამიწაზე.