ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი ოფიციალური პირი, რომელიც უწყებაში ობამას ადმინისტრაციის დროს მუშაობდა, აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ, თუკი რუსეთი ან სხვები არჩევნებში ჩასარევად კიბერ თავდასხმებს ეცდებიან.

როიტერის ინფორმაციით, გენერალური პროკურორის ყოფილი თანაშემწე კონ კარლინი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს ხელმძღვანელობდა იუსტიციის დეპარტამენტში, აცხადებს, რომ ამერიკამ საკმარისი არ გააკეთა, რათა თავიდან აეცილებინა დემოკრატიულ პარტიაზე კიბერ თავდასხმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს.

"რაც ჩვენ გავაკეთეთ, დაგვიანებული იყო, ჩვენ მოწინააღმდეგე ვერ შევაკავეთ" - განაცხადა კარლინმა.

ამერიკის საგამოძიებო სამსახურები აცხადებდნენ, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია. ბრალდებებს ოფიციალური რუსეთი უარყოფს.

ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, კიბერ თავდასხმებთან სავარაუდო კავშირის გამო ამერიკიდან 35 რუსი დიპლომატი გააძევა.

კარლინის თქმით, ევროპული ქვეყნები, სადაც არჩევნები ახლოვდება, კიბერ თავდასხმებისთვის მზად უნდა იყვნენ.

2017 წელს არჩევნები საფრანგეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში გაიმართება.

14 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის პარტიის თავმჯდომარემ, რიჩარდ ფერანდმა, განაცხადა, რომ მედიისა და ინტერნეტის საშუალებით რუსეთი ცდილობს მაკრონის პრორუს კონკურენტებს დაეხმაროს გამარჯვებაში.