შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუს პროპაგანდისტ ჟურნალისტს, ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვს. როგორც უწყებაში On.ge-ს განუცხადეს, ის ქვეყანაში თანმხლებ პირებთან ერთად მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კოვიდპასპორტისა და PCR ტესტის ჩვენების საფუძველზე შემოვიდა.

"აღნიშნულ პირს, რომელიც არის ამერიკის მოქალაქე, არ აქვს დარღვეული ოკუპაციის კანონი, ნამყოფი არის საქართველოში არაერთხელ.

რაც შეეხება რეგულაციების პირობებში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად არიან შემოსული. მათ ნაწილს აქვს კოვიდპასპორტები, ნაწილს კი PCR ტესტი", — განაცხადეს უწყებაში.

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ არ მოსწონს აქცია, რომელიც იმართება რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტის გასაპროტესტებლად.

რუსი პროპაგანდისტის და ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გასაპროტესტებლად აქცია იმართება. სამოქალაქო აქტივისტები სასტუმროსთან არიან შეკრებილები.

პოზნერის თქმით, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მას თან რუსული ესტრადის მომღერლები ახლავს.

"მე მესამე წელია, რაც თბილისში აღვნიშნავ დაბადების დღეს. მე ჩამოვედი არა პოლიტიკაზე სასუბროდ, არამედ ჩემი დაბადების დღის აღსანიშნად", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

პოზნერი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული არხის, პერვი კანალის წამყვანია. სხვადასხვა დროს მას ჰქონია გადაცემები, სადაც რუსული ნარატივი ტარდებოდა და განიხილავდნენ, რომ საქართველო ცალკე არაფერს წარმოადგენს და "რუსეთის მშვენებაა", მაგრამ ახლა, როცა დამოუკიდებელია, "საცოდავად" გამოიყურება. ამ აზრს ეთანხმებოდა პოზნერიც.

ამავდროულად, მას აქვს გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. მაგალითად, აგვისტოს ომის დაწყებაში, როცა რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, ის საქართველოს ადანაშაულებდა.

"პირველ რიგში, საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს და არა პირიქით. ეს ყველამ იცის, რომ პირველი სროლები საქართველოს მხრიდან იყო", — ამბობდა ის და ატარებდა კრემლის ნარატივს იმაზე, რომ მათ ჯარებს თბილისამდე ჩასვლა შეეძლოთ, მაგრამ შეჩერდნენ.

გარდა ამისა, პოზნერი ამტკიცებდა, რომ აფხაზები ოცნებობდნენ საქართველოსგან გამოყოფას, რადგან ქართველები მათ დამაკნინებლად ექცეოდნენ.

2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. მაშინ მიზეზად რუსული ტელე-რადიოს განვითარებისთვის გაწეული შრომა დასახელდა.