ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, გადაწყვეტილება გასული წლის ბოლოს მიიღო, თუმცა რამდენიმე თვით გადადო. ამის შესახებ მან ფეისბუქგვერდზე დაწერა.

"მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო", — წერს მაჭავარიანი.

რით იყო განპირობებული წასვლის სურვილი მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების წევრებს და წარმატებები უსურვა პარტიას.

"ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდთან ერთად — მთავრობის ხელმძღვანელებთან, ჩემს კოლეგებთან მინისტრთა კაბინეტში, პარლამენტის წევრებთან.

მსურს, პრემიერსა და მთავრობის წევრებს, პოლიტიკურ გაერთიანება ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს ვუსურვო წარმატება ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რომლის წინაშეც დღეს დგას ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა მათ ამ რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდში, ასე ერთიანად და კოორდინირებულად მუშაობისთვის", — წერს ის.

გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებსა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს.

ფინანსთა მინისტრად მაჭავარიანი 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა. ვიცე-პრემიერი კი ერთი თვის წინ, 2021 წლის 25 თებერვალს გახდა. ამ თანამდებობაზე ის ახალმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა.