ვერ იპოვით ერთ ჟურნალისტსაც კი, ვისთვისაც არ უთქვამთ, რომ უნდა იყოს "ნეიტრალური", ობიექტური", "მიუკერძოებელი". მე მიკერძოებული ვარ და სულაც არ მგონია, რომ ეს ცუდ ჟურნალისტად მაქცევს. პირიქით, კარგი ჟურნალისტიკისთვის მიკერძოება აუცილებელია — ცხადია, არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, არამედ ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ.

10 წელზე მეტია ჟურნალისტი ვარ, 1 წლის წინ კი ახალი და ორმაგად საპასუხისმგებლო გამოცდილება დამემატა — გავხდი On.ge-ს მთავარი რედაქტორი. ჩვენი ონლაინ გამოცემა ბევრი რამით შეიძლება გამოარჩიო, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მისი პრინციპები, ღირებულებები და მიმართულებაა. მაგალითად, არასდროს ვერიდებით, პრორუსულ პარტიას ვუწოდოთ პრორუსული, ძალადობრივ ჯგუფს — ძალადობრივი და სექსისტურ განცხადებას — სექსისტური. დიახ, ამ ნაწილში მიკერძოებულები ვართ და ეს სულაც არ არის ცუდი. პირიქით, არ ვართ მავნებლობის გამტარები, "ნეიტრალურები", "ობიექტურები". ჩვენ არასდროს მოვიხსენიებთ ძალადობრივი ჯგუფის ლიდერს უფლებადამცველად — სწორედ ეს მგონია ობიექტურობა და არა მათი ნეიტრალურად გაშუქება.

თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოების ნაწილში სწორედ ამის მოლოდინია. შესაძლოა, ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხანდახან On.ge-ს "გენდერ-ზონდერ" მედიად მოიხსენიებენ.

ჩვენ ვასრულებთ მედიის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას — გამადიდებელი შუშით ვაკვირდებით გავლენიან ჯგუფებს, განსაკუთრებით, ხელისუფლებას, რადგან ყველაზე მეტი რესურსი სწორედ მმართველ პარტიას აქვს. შესაბამისად, კრიტიკაც უფრო ხშირად მათ მიემართება. მით უფრო მაშინ, როცა ოპონენტების მხრიდან სიძულვილის ენას, სექსიზმს თამამად გმობენ, თანაგუნდელებზე კი ჯიუტად დუმან.

დემოკრატიულ ქვეყანაში ხელშეუხებელი არავინაა — არც პოლიტიკაში, არც ჯანდაცვაში, არც ხელოვნებაში, არც სპორტში, არც რელიგიაში. იყო დრო, როცა საპატრიარქოს კრიტიკას სულ რამდენიმე მედია თუ გაბედავდა, დღეს კი რაოდენობა მზარდია, რაც მე მიღწევა მგონია.

მახსოვს, როგორი ერთიანი იყო მედია მაშინ, როცა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია დაიწყო, საპატრიარქო კი ჯიუტად იმეორებდა, რომ განსხვავებით მთელი მსოფლიოსგან, საეკლესიო დღესასწაულებზე მრევლისთვის ეკლესია არ დაიკეტება, რომ ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადება ერთი კოვზის მოხმარებით არ ვრცელდება და ა.შ. ის, რომ შარშან აღდგომაზე ეკლესიებში ცოტა ხალხი იყო, მხოლოდ კორონავირუსის შიშის არა, ჟურნალისტების დამსახურებაც მგონია, რადგან ეკლესიის კრიტიკას ყველგან დიდი დრო დაეთმო.

ხელისუფლებისა თუ საპატრიარქოს მიმართ კითხვები On.ge-ს მკითხველის უმრავლესობისთვის უცხო არ არის. რეაქციები განსხვავებულია, როცა კრიტიკა ისეთ ჯგუფს ეხება, რომელსაც შედარებით ნაკლები გავლენა აქვს, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის შეცვლა შეუძლია. მაგალითად, თუ მმართველი პარტიის განცხადებას არქმევ სექსისტურს, ჰომოფობიურს, ეს ნაკლებად აწუხებთ, მაგრამ დიდი თუ მცირე ოპოზიციური პარტიების ლიდერების ამგვარი გაშუქება მაშინვე "გენდერ-ზონდერებად" გვაქცევს.

საპასუხოდ მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სანამ პოლიტიკოსებისგან გვესმის: "სუსტი სქესი", "ქალისთვის შეუსაბამო რიტორიკა", "ქალაჩუნა" ან ქალი მინისტრის სამუშაო უნარების დაკნინება და მითითება ხაჭაპურის ცხობაზე; ქალი ჟურნალისტების "აღელვებულ გოგოებად" მოხსენიება; განცხადება, რომ ოპონენტებს კაცები არ ჰყავთ და ქალებს სადღაც ამიტომ უშვებენ; რომ ქალი არის "გემრიელი ლუკმა" და "მარტო ამ სილამაზის გამო მისცემენ ხმას"; რომ პოლიტიკა ქალებს ნაკლებად აინტერესებთ, რადგან გამბედაობა სჭირდება და ა.შ., ჩვენ ამას ვუწოდებთ იმ სახელს, რაც ჰქვია.

ხშირად მსმენია კრიტიკა, რომ მედია ამა თუ იმ ჯგუფს დროს არ უნდა უთმობდეს, კონკრეტულ განცხადებებს არ უნდა აშუქებდეს. სინამდვილეში, გარემოს ცვლის არა პრობლემის დამალვა, არამედ სწორად გაშუქება — მედია არ უნდა იყოს ბნელი აზრების გამტარი და გამავრცელებელი. ჟურნალისტებმა მკითხველსა თუ მაყურებელს უნდა ვუთხრათ, რომ ძალადობა დაუშვებელია, რომ ადამიანების უფლებები მათ სქესზე, ორიენტაციაზე, რელიგიაზე, ეროვნებაზე არ არის დამოკიდებული. სიძულვილისთვის მედიაში სულ უფრო და უფრო ნაკლები მეგობარი უნდა ეგულებოდეთ.

2019 წელს, როცა And Then We danced-ის პრემიერის გამო კინოთეატრ ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობრივი ჯგუფები "გამაგრდნენ", ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესია იგრძნობოდა. მიზეზი ერთი იყო — ჩვენ გვერჩოდნენ მათთვის არასასიამოვნო კითხვების გამო, რადგან იმ დღეს მედიაში მხარდამჭერი ვერ იპოვეს და ეს კარგია. მეორე საკითხია სახელმწიფოს რეაგირება ჟურნალისტების მიმართ აგრესიაზე, თუმცა ეს სხვა წერილის თემაა.

დასკვნის სახით გეტყვით, რომ ზოგადად, მკითხველისა თუ მაყურებლის გემოვნება განსხვავებულია — ზოგს სტერილური ახალი ამბები ურჩევნია, ზოგს კი — აქცენტები. On.ge მეორე ტიპის მედიაა და არ გვგონია, რომ ეს დაბალანსებული ჟურნალისტიკისგან როგორმე გვაშორებს, პირიქით — დარწმუნებული ვართ, რომ ასე შევცვლით არსებულ რეალობას უკეთესობისკენ.