აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც საქართველოში არსებულ უფლებრივ მდგომარეობას ეხება, მედიაგარემო არის შეფასებული. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ კანონი და კონსტიტუცია უზრუნველყოფენ გამოხატვის თავისუფლებას, არსებობს ბრალდებები, რომ მთავრობა სათანადოდ არ იცავდა აღნიშნულ უფლებას.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები ეჭვს გამოთქვამენ, რომ მედიამფლობელების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, კომუნიკაციების კომისიასა და მმართველ პარტიას შორის მჭიდრო კავშირზე. ამასთან, მედისაშუალებების მფლობელების მიმართ დაწყებული საქმეებზე, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული აღმოჩნდა.

ანგარიშში ნახსენებია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად არჩეულია ბონდო მძინარაშვილი, რაზეც ბევრმა შეშფოთება გამოთქვა, რადგან ობიექტივის ეთერში ის ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩეოდა.

დოკუმენტში ვკითხულობთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლების საკითხზეც.

"წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებები ამტკიცებდნენ, რომ მმართველი გუნდი აგრძელებდა მცდელობებს, მოეპოვებინა გავლენა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მას შემდეგ, რაც ყოფილი დირექტორი, ნათია კანაპანაძე გაათავისუფლეს", — ნათქვამია დოკუმენტში. რაც შეეხება ახალ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს ვკითხულობთ, რომ მან დააშინა და გაათავისუფლა ათეულობით თანამშრომელი, რომლებიც ღიად აკრიტიკებდნენ მენეჯმენტს. სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის არხიდან წასვლაზეც.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში იმედის დირექტორის, ნიკა ლალიაშვილის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის საქმეც მოხვდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას და მის მიერ შექმნილ Media Critic-ის პლატფორმას შეეხება. როგორც დოკუმენტში წერია, აღნიშნული პლატფორმით GNCC "გამოხატვის თავისუფლების" შეზღუდვას ცდილობდა:

"პლატფორმა მედიაკონტენტის შესწავლისთვის შეიქმნა და ბევრმა დამკვირვებელმა შეშფოთება გამოთქვა, რომ GNCC თავის მანდატს გასცდა".

სახელმწიფო დეპარტამენტი საარჩევნო პერიოდში მედიაგარემოზეც საუბრობს და ეუთო/ოდირის შეფასება მოაქვს, რომლის თანახმადაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მკვეთრად პოლარიზებულნი იყვნენ, იყო ცოტა ანალიტიკური მასალა და პოლიტიკური დისკუსია, რაც ამომრჩეველს უზღუდავდა ინფორმაციული არჩევანის გაკეთების საშუალებას.

რაც შეეხება არჩევნებზე მედიის მუშაობას, სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს, რომ სავარაუდოდ პროსახელისუფლებო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. მაგალითებად მოყვანილია, გამოცემა Publika-ს ჟურნალისტზე თავდასხმა და მისთვის კამერის დაზიანება, TV პირველის ჟურნალისტისთვის სახეში დარტყმა და On.ge-ს რეპორტიორისთვის კამერის დაზიანება.

ამასთან, ვკითხულობთ სამართალდამცავების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ გამოყენებულ არაპროპორციულ ძალაზე. ამ შემთხვევაში საუბარია ცესკოსთან აქციის წყლის ჭავლით დაშლაზე, რა დროსაც ოთხი ჟურნალისტი დაშავდა და აპარატურა დაზიანდა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, იყო შეტყობინებები მედიასაშუალების დევნის შესახებ. მაგალითად მოყვანილია მთავარი არხის სიუჟეტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიება. დოკუმენტში მოხვდა ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის ფეისბუქპოსტიც, სადაც მან მთავარ არხს, ფორმულასა და TV პირველი "სიცრუის წყარო" უწოდა.