სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "პერსონალურად წინააღმდეგია" გიორგი რურუას მიმართ შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა კომენტარში ისაუბრა.

"აქვე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან საკითხს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პირადი პასუხისმგებლობა, დესტრუქციული ამ შემთხვევაში, არის საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის. არაერთი ინდივიდუალური საუბრის დროს, როგორც გამოვკვეთე, ყოველ შემთხვევაში, მედიატორების მხრიდან ასე გავარკვიე, რომ თურმე ის პერსონალურად წინააღმდეგი არის, რომ შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს რურუასთან მიმართებაში.

მინდა ვთქვა, რომ ერთი მხრივ, მოწოდება ჩვენი, რომ შეთანხმებისკენ წავიდეს და მეორე მხრივ, თვითონ ამ ადამიანს, პირველად მიეცა შანსი, რომ პოლიტიკური დეესკალაციისკენ ნაბიჯი გადადგას, პირველად და შეიძლება უკანასკნელად და ასეთ ნეგატიურ, დესტრუქციულ როლს თამაშობს, "პრინციპულობას" იჩენს თითქოს, ეს არის ძალიან ცუდი. მე მგონი, გამოვიდეს და უნდა ახსნას საკუთარი პოზიცია", — თქვა მან.

ვაშაძის ამ განცხადების შემდეგ On.ge პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც დავუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ქართული ოცნება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდნენ. მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ისაუბრეს, რომ იყო საკითხები, რაზეც თანხმდებოდნენ, მაგრამ ნაწილზე — ვერა. მაგალითად, ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ნიკა მელიასთან დაკავშირებით შემოთავაზებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც სრულად პასუხობდა პრობლემის გადაჭრას, თუმცა ეს არ განმეორდა გიორგი რურუას შემთხვევაში.

დანიელსონი მხარეებთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა თუმცა შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას წინასწარ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ არ გაავრცელეს არც ფოტოები და არც ვიდეო. მიშელის წარმომადგენელი საქართველოში მეორედ 27 მარტს ჩამოვიდა. ის 28 მარტს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ხოლო 29 მარტს პოლიტიკურ პარტიებს ინდივიდუალურ ფორმატში შეხვდა.

დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.

შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.