ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული ოცნება მზად არის მედიატორის მიერ შემოთავაზებულ პუნქტებზე "მცირედი შესწორებებით" ხელი მოაწეროს.

"პრინციპიში, საბოლოო ჯამში, ქართული ოცნება მზად იყო და არის იმ პუნქტებზე ხელის მოსაწერად, რაც იყო, მცირედი შესწორებებით და აქ საუბარია მხოლოდ ისეთ დეტალებზე, რაც მაგალითად, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არის: 2/3-ზე და ა.შ", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, ოპოზიცია აყენებდა "ულტიმატუმს" და არ იყო მზად კომპრომისული ნაბიჯის გადმოსაგდმელად.

"იქ იყო 20-ზე მეტი პუნქტი, ქვეპუნქტებად ჩაშლილი, ამათგან 3-ზე თუ 4-ზე მაქსიმუმ იყო სადისკუსიო, სამსჯელო, თუმცა აქამდე საქმე ნამდვილად არ მისულა. არათუ სამსჯელო თემებზე, არამედ ყველაზე მთავარ თემებზე, რომლებსაც ისინი აყენებდნენ ულტიმატუმების სახით, 1 ნაბიჯიც კი არ გადმოიდგა, არათუ კომპრომისული, საერთოდ განხილვაც არ შედგა — მაგალითად ვადამდელი არჩევნების გარეშე, მაგალითად, რურუას გათავისუფლების გარეშე და ა.შ.", — განაცხადა მან.

გუშინ, 30 მარტს ქართული ოცნება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდნენ. მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

დანიელსონის მედიაციით მხარეებს შორის შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. ის საქართველოში მეორედ 27 მარტს ჩამოვიდა. 28 მარტს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ხოლო 29 მარტს პოლიტიკურ პარტიებს ინდივიდუალურ ფორმატში შეხვდა.

დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.

შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

გაიგეთ მეტი:

რა ეწერა დოკუმენტში, რომელსაც მხარეებმა ხელი არ მოაწერეს